კახა ცხადაძე: “ბოლო წუთები ჩვენთვის კატასტროფული გამოდგა”
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნული გუნდი ვარშავას ეწვია, სადაც პოლონეთის ნაკრებთან ანგარიშით 0:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ “ჯვაროსნების” მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე აღშფოთებას ვერ მალავდა.
“მატჩი 90 წუთისა და და დამატებითი დროის განმავლობაში გრძელდება და არა 87-ე წუთამდე, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში მოხდა. ბოლო წუთები ჩვენთვის კატასტროფული გამოდგა. ეს ფეხბურთია, ბოლომდე უნდა ითამაშო. პოლონელებთან გამართული მატჩიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და მუშაობა გავაგრძელოთ. მეორე ტაიმში გარკვეულ ცვლილებებს მივმართეთ, რომლის შედეგადაც საგოლე მომენტები შევქმენით.
რაც შეეხება პოლონეთის ნაკრებს, ადამ ნავალკას ვუთხარი, რომ მისი გუნდი ნამდვილი მანქანაა, რომელიც დაიქოქა და კიდევ უფრო შორს წავა. ფანტასტიური გუნდია, რომლის თითოეულმა წევრმა იცის, რა უნდა გააკეთოს”, – განაცხადა ცხადაძემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.