18 ივნისი “ზესტაფონის” დაბადების დღეა!
2015 წლის 18 ივნისს საფებურთო კლუბ „ზესტაფონს“ დაარსების დღიდან 11 წელი შეუსრულდა. წარმოგიდგენთ მცირე პრეზენტაციას, რომელიც ამ 11 წლის მანძილზე ჩვენი კლუბის მიერ განვლილ გზაზე, მის ისტორიაზე, სპორტულ მოედნებსა თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში „ზესტაფონის“ მიღწევებზე, ახალგაზრდა თაობასთან მუშაობაზე და მრავალრიცხოვან გულშემატკივრებზე მოგვითხრობს….
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა. არსებობის პირველივე წლებში იმერული კლუბი ეროვნულ ჩემპიონატში ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება. 2007-2008 და 2009-2010 წლების სეზონებში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეუფლება ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლებს, 2008 წლის 16 მაისს ისაკუთრებს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნულ თასს.
მარგველთა უდიდესი გამარჯვებები კი კლუბის არსებობის მეშვიდე და მერვე სეზონებმა მოიტანეს – 2011 წლის 14 მაისს კლუბის ისტორიაში პირველად ზესტაფონელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო 2012 წელს მათ ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული შეინარჩუნეს.
“ზესტაფონი” საქართველოს სუპერთასის 2011 და 2012 წლის გათამაშებების გამარჯვებულია; 2005, 2006, 2007 და 2012 წლებში კი – ეროვნული თასის გათამაშების ფინალისტი. 2013-2014 წლების სეზონი კი კლუბმა საპატიო მეორე ადგილზე დაასრულა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
ადგილობრივი ”მეტალურგი” და ”მარგვეთი” მართავდნენ. 2004 წლიდან კი სტადიონზე ასპარეზობს ”ზესტაფონი”, რომელსაც მემკვიდრეობით განადგურებული არენა, მოშლილი ინფრასტრუქტურა და ფეხბურთის სათამაშოდ უვარგისი მინდვრის საფარი ერგო.
2004 წელს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” შექმნისთანავე, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა საფუძვლიანი სამშენებლო სამუშაოები, რომელთა მიზანიც არენის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა გახლდათ.
2005 წელს სტადიონზე ჩატარდა მოედნის საფარის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები, დამონტაჟებულ იქნა ევროპული ტექნოლოგიით შექმნილი თანამედროვე სადრენაჟო და სარწყავი სისტემები.
2005-2010 წლებში სტადიონზე შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა – ტრიბუნები აღიჭურვა პერსონალური სავარძლებით, გარემონტდა გასახდელები და სავარჯიშო დარბაზები სპორტსმენთათვის, ამოქმედდა განათების თანამედროვე სისტემა, რომელიც 1 600 ლუქსის შესაბამისს განათებას უზრუნველყოფს. იგეგმება ახალი ტრიბუნების აგება, თანამედროვე ტაბლოს დამონტაჟება და ა.შ.
2010 წლის 9 აპრილს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონს საფეხურთო კლუბ ”ზესტაფონის” გენერალური დირექტორის, ვეტერანი ფეხბურთელისა და თვალსაჩინო საფეხბურთო მოღვაწის, ბატონი დავით აბაშიძის სახელი მიენიჭა.
დღესდღეობით დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე დაგებულია თანამედროვე მინდვრის საფარი – ქართულ-უკრაინული ფირმა ”Lawns of Georgia”-ს მიერ დამზადებული ”ნატურალური მწვანე ხალიჩა”.
ამის პარალელურად, საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ქალაქის გარეუბანში დაიწყო საწვრთნელი ბაზის მშენებლობა, სადაც უკვე ფუნქციონირებს სამი სტანდარტული ზომის ბუნებრივსაფარიანი მოედანი.
სტადიონის რემონტისა და ბაზის მშენებლობის გარდა, კლუბმა ზესტაფონში ააშენა ხელოვნურსაფარიანი კომპლექსი, რომელიც კლუბის სტრუქტურაში არსებულ გუნდებთან ერთად უფასოდ ემსახურება ქალაქში მოქმედ სხვა საფეხბურთო სკოლებსა და სექციებს.
2013 წელს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ბაზის მშენებლობა დაიწყო. სადღეისოდ ამ სპორტულ კომპლექსში ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანია დაგებული.
კლუბის მფლობელის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, დასავლეთ საქართველოში ამოქმედდა მეურნეობა, რომელიც რამდენიმე ჰექტარზეა გაშენებული და თანამედროვე სპორტული გაზონების შექმნაზეა ორიენტირებული.
ჩვენი კლუბის სტრუქტურაში არსებული ”ზესტაფონი-2” ასპარეზობს დუბლიორთა ტურნირში. საკლუბო სისტემაში ირიცხებიან 1997-2000 წლებში და მომდევნო წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდები, რომლებიც შესაბამის ასაკობრივ ტურნირებში ასპარეზობენ.
11 წლის მანძილზე სპორტსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს უფასოდ ეზიარა 1000-ზე მეტი ზესტაფონელი მოზარდი, დღესდღეობით კი კლუბში 200-მდე ბავშვი და ჭაბუკი ვარჯიშობს. თავისთავად ცხადია, რომ ახალგაზრდა თაობის სპორტთან ზიარების ხარჯებს თავის თავზე კლუბი იღებს.
დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩისთვის უმასპინძლია. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა უეფას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში მალტელ და თურქ თანატოლებს სწორედ ზესტაფონში უმასპინძლა.
არენა, რომელსაც უეფას მეორე კატეგორია აქვს მინიჭებული, სისტემატურად მასპინძლობს უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის შეხვედრებს – აქ უნგრულ „დიორი ეტოს“, ჩრდილოირლანდიურ „ლისბიორნს“, შვედურ „ჰელსინგბორგს“, სლოვაკურ „დუკლასა“ და „სპარტაკს“, უკრაინულ „კარპატის“, მოლდავურ „დაჩიას“, აზერბაიჯანულ „ნეფტჩის“ და მრავალ სხვა კლუბს უასპარეზია.
ევროტურნირის საშინაო მატჩი კვიპროსულ „ანორთოსისთან“ სწორედ ზესტაფონში ითამაშა საქართველოს თასის 2011 წლის გამათაშების გამარჯვებულმა „გაგრამ“. უახლოეს პერიოდში ქვეყნის ღირესების სწორედ “დავით აბაშიძეზე” დაცვას სხვა ქართული კლუბებიც გეგმავენ.
შექმნის მომენტიდან საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ ადგილობრივ გულშემატკივართა უსაზღვრო სიყვარული დაიმსახურა. მაყურებელთა დასწრების თვალსაზრისით, ჩვენი გუნდი საქართველოს მასშტაბით სისტემატურად მოწინავეთა რიგებში ხვდება.
კლუბს ჰყავს გულშემატკივართა კლუბი, რომელიც რამდენიმე ასეულ წევრს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ ფანები თავის საყვარელ გუნდს ერთგულად ქომაგობენ სტადიონის ტრიბუნებზე, ისინი აქტიურად არიან ჩართული საფეხბურთო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ყველაფერი ის, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეპატრონე, ბატონი ილია კოკაიას დიდი მონდომებისა და მის მიერ პირადი სახსრებიდან ამ პროექტის დაფინანსების პირობებში გახდა შესაძლებელი. სულ, საფეხბურთო ინფრასტრუქტურისა და კლუბის განვითარება-შენახვისათვის ინვესტორის მიერ ზესტაფონში 40 მილიონ ა.შ.შ. დოლარამდე იქნა დახარჯული.
FCZestafoni.GE