ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ს.კ. „ზუგდიდი“-ს მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ, გუნდს, „ბაიას“ ბაზაზე პირველად მოუყარა თავი და ვარჯიშებიც განაახლა. მის განკარგულებაში დღეს მთლიანად დუბლშემადგენლობისა და ჭაბუკთა ლიგის რამდენიმე პერსპექტიული ფეხბურთელები იყვნენ. ახალგაზრდებზე დაკვირვება თვის ბოლომდე გასტანს, რის შემდეგაც უკვე გუნდის ძირეული ფორმაცია დაიწყება და კლუბში ახალწვეულების შესახებ ოფიციალურად ამის შემდეგ გახდება ცნობილი. მთლიანი ბირთვი, შეკრების შემდეგ ჩამოყალიბდება.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, ზუგდიდელთა დამრიგებელს დღეს, პირველი შეხვედრა ჰქონდა და ამას, მოთელვითი ხასიათი უნდა ჰქონოდა, ვარჯიშმა მაინც საკმაო ხანს გასტანა. ბესიკ შეროზია ვარჯიშებს ხვალიდან ისევ განაახლებს და მომავალ დღეებში ახალბედებს შორის ორკარაც გაჩაღდება. დაგეგმილია ტესტ-მატჩებიც, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობას ახალბედა ფეხბურთელებზე დასკვნის გაკეთების საშუალება მიეცემა. ამრიგად ზუგდიდმა ვარჯიში განაახლა და ახლო ხანებში, გუნდის სრული სახეც გამოიკვეთება.