შოპინგი ტურინულად, ანუ როგორი იქნება ახალი “იუვენტუსი”
“იუვენტუსის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონის შემდეგ გუნდის ძირითადი ბირთის შენარჩუნება კარგი იქნებოდა, თუმცა ტურინში, როგორც ჩანს, გუნდის განახლება გადაწყვიტეს. კარლოს ტევესის “ბოკაში” დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილია, ანდრეა პირლო ამერიკული ოცნების ასახდენად მლს-ში მიდის, ხოლო “იუვეეს” ხელმძღვანელები ახალწვეულებს იმატებენ. ივნისის შუა რიცხვებში იტალიური გუნდის რიგები უკვე ოთხმა მოთამაშემ შეავსო. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია…
მარიო მანჯუკიჩი, 18 მილიონი
ჯუზეპე მაროტას დამსახურებით “იუვენტუსისთვის” ბოლო პერიოდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშესთან განშორება უმტკივნეულოდ მოხდა.
ტევესის შესაძლო წასვლის შესახებ აგორებული ჭორების შემდეგ მაროტამ თვითონ განაცხადა, რომ არგენტინელის წასვლის შემთხვევაში მას მარიო მანჯუკიჩი შეცვლიდა, ხოლო თუ ტევესი დარჩენას მოისურვებდა ტურინელები მას ახალ კონტრაქტს სიამოვნებით შესთავაზებდნენ. არგენტინელამ არ გადაიფიქრა და უკვე ორ დღეში “ატლეტიკოს” ყოფილი შემტევი იტალიური პრესის მთავარი ნიუსმეიკერი იყო. მანჯუკიჩში “იუვემ” 15 მილიონი გადაიხადა და კიდევ 3 მილიონს მადრიდელებს ბონუსების სახით გადაუხდის.
პაოლო დიბალა, 32 მილიონი
მანჯუკიჩთან ერთად ტურინელთა შეტევაზე პაოლო დიბალა იზრუნებს, რომელიც დასრულებული სერია ა-ს ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა. “პალერმოს” ტალანტების აღმოჩენის ნამდვილი ნიჭი აქვს, “იუვენტუსს” კი მათი გადაბირების. 21 წლის არგენტინელში იტალიის ჩემპიონმა 32 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ძალიან დიდი თანხაა. მაგალითად იმავე ტევესის ტრასფერში ტურინელებმა ოთხჯერ ნაკლები დახარჯეს.
თუმცა, კარლოსის შემთხვევა ალათ უფრო გამონაკლისი იყო. გარდა ამისა ტევესი გუნდში აღარ არის, სამაგიეროდ არიან მანჯუკიჩი, დიბალა, ლიორენტე და მორატა – შეტევის ხაზი, რომლის ყოლას ალბათ ნებისმიერი კლუბი ინატრებდა.
სამი ჰედირა, თავისუფალი აგენტი
ყველაზე იოლი სამი ხედირას გადაბირება აღმოჩნდა. მადრიდში გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს არ ენდობოდნენ. ბოლო დროს მსოფლიოს ჩემპიონი განაცხადშიც კი ვერ ხვდებოდა. ამ დროს “იუვენტუსის” წინადადება მისთვის იდეალური ვარიანტი იყო, რაზეც ხედირას ბევრი არც უფიქრია.
თუმცა, ხედირა კლუბისთვისაც არანაკლებ კარგი შენაძენია, რადგან ანდრეა პირლოს მომავალი ტურინში ბურუსითაა მოცულია. გარდა ამისა, პოლ პოგბას გადასაბირებლად ევროპული გრანდები ყველაფერს აკეთებენ და დიდი ალბათობით ფრანგი ნახევარმცველის შენარჩუნებას “იუვე” ვერ შეძლებს. და ბოლოს, ხედირას დონის მოთამაშის ხელში უფასოდ ჩაგდება ყოველთვის პლიუსია.
გერმანელი ახალ კლუბსა და სეზონს საკმაოდ მოტივირებული ხვდება: “რეალში ძალიან რთული პერიოდი მქონდა. ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯებოდი და კარგ ფორმაშიც ვიყავი, თუმცა მოედანზე გასვლის შანსი არ მქონდა. მიუხედავად ამისა, მადრიდში ახალი კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ჩემი გადაბირება “შალკესაც” სურდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი “იუვენტუსზე” შევაჩერე, რაც ძალიან მახარებს”.
დანიელე რუგანი, 7,5 მილიონი
წინა გვარებთან შედარებით რუგანის ტრანსფერი ცოტა გაუგებარია, თუმცა ეს მათთვის ვისაც სერია ა-ს გასული სეზონისთვის თვალყური არ მიუდევნებია. დანიელეს ტრანსფერი ნათელი მაჩენებელია იმისა, თუ როგორ უნდა იმუშავოს კლუბმა ახალგაზრდებთან.
ტურინელებმა იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მცველისადმი ინტერესი 2 წლის წინ გამოიჩინეს. 2013-ში “იუვემ” “ემპოლისგან” მოთამაშის კონტრაქტი სანახევროდ გამოისყიდეს, 2015-ში კი დარჩენილი თანხაც გადაიხადეს. რუგანიმ სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და ტოსკანელთა დაცვაში შეუცვლელ ფიგურად იქცა.