17-წლამდელებმა „პრეზიდენტის თასი“ რუსეთთან გამარჯვებით დაიწყეს
დღეს, ასტანაში დაიწყო ყოველწლიური, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი – „პრეზიდენტის თასი“. ჩვენი ნაკრები Bჯგუფში ასპარეზობს და ჩვენი მეტოქეები რუსეთის, ბელორუსისა და აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებები არიან.
ტურნირის პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრებთან გამართა. ქიმერიძისა და ხარაბაძის გოლებით გოჩა ავსაჯანიშვილის ფეხბურთელებმა 2:0 გაიმარჯვეს და პირველი სამი ქულა მოიპოვეს.
მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო. უკვე მე-13 წუთზე, აკაკი ქიმერიძემ საქართველოს ნაკრები დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ, რუსეთის ნაკრები ანგარიშის გასათანაბრებლად მთელი გუნდით უტევდა, თუმცა, გადამწყვეტ ფაზაში შედეგიანი დარტყმის განხორციელებას ვერ ახერხებდნენ. სამაგიეროდ, 35-ე წუთზე, ლევან ხარაბაძის ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახდა.
მეორე ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს კვლავ ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შანსები, თუმცა, მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა. არადა, რუსებს მშვენიერი შანსი მიეცათ, ანგარიშის სხვაობა თერთმეტმეტრიანი დარტყმით შეემცირებინათ, თუმცა, ნიკიტა რიბაკოვმა ლუკა გუგეშაშვილს ვერ აჯობა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა პენალტი მოიგერია.
22.06.2015, „ასტანა არენა“
რუსეთიU17 vs საქართველოU170:2 (0:2)
რუსეთიU17: ბატერი (კატკოვი 74), ნესტეროვი, კაკვასინი, კახიძე, ტოპილსკი (ფილიპენკოვი 41), რიბაკოვი, პეტოში (ვოლკოვი 63), ცაავა (გალოიანი 41), მამარასული (ვლადიმიროვი 69), აიბოვი (ფეოკტისტოვი 51), კოპილოვი
საქართველოU17: გუგეშაშვილი , ვირუბოვი (კიკალიშვილი 75), ასათიანი, ქაფიანიძე, ხარაბაძე (ოზბეთელაშვილი 75), ბარაბაძე (ნიკოლეიშვილი 78), ნინუა, ქიმერიძე, ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, სპანდერაშვილი (ლურსმანაშვილი 54)
მთ.მწვრთნელი – გოჩა ავსაჯანიშვილი
გოლები: ქიმერიძე (13), ხარაბაძე (35)
ხვალ, 23 ივნისს, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ბელორუსის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც დღეს პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრებთან 1:3 წააგო.
სფფ-ის პრესსამსახური