ლევან ზუხბაია: “გაბალასთან” ფავორიტად “დინამო” მიმაჩნია”
უეფას ევროპალიგის წილისყრის შედეგები აზერბაიჯანულ პრესასთან თბილისის “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა, ლევან ზუხბაიამ შეაფასა. შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად თბილისელები პირველ ეტაპზე აზერბაიჯანულ “გაბალას” შეხვდებიან.
– ყოველთვის საინტერესოა, როცა მოედანზე მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები ხვდებიან. აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ფეხბურთი ფეხბურთია.
– “გაბალაზე” როგორი რეაქცია გქონდათ?
– მვიდად შევხვდი. ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ მზად ვიყავით.
– “დინამო” განთესილები იყო. თქვენი გუნდი ფავორიტად მიგაჩნიათ?
– “დინამოს” წარმომადგენლები ვარ და ფავორიტად ჩემი კლუბი მიმაჩნია. ანალოგიური პოზიცია აქვთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებსაც, მათ თავისი გუნდის წარმატება სჯერათ.
– ბოლო პერიოდში აზერბაიჯანული გუნდები ქართულ გუნდებს ამარცხებენ. როგორ შეაფასებდით საკლუბო დონეს ორ ქვეყანაში?
– აზერბაიჯანული კლუბები იმიტომ იგებდნენ, რომ “დინამოს” არ შეხვედრილან.
– პირველი მატჩის სტუმრად ჩატარება გსურდათ?
– უკეთესია, როდესაც პირველ თამაშს გასვლაზე ატარებ, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
– თქვენი კლუბი გულშემატკივრებში “გაბალასთან” შეხვედრა ინტერესს გამოიწვევს?
– რა თქმა უნდა! ეჭვი არ მეპარება, რომ სტადიონზე გულშემატკივრები მრავლად მოვლენ.