მადრიდის “რეალი”, როგორც ჭორების მთავარი ობიექტი
“რეალთან” დაკავშირებით ჭორები ყოველთვის მრავლად არის. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბის მოთამაშეებზე ხალხს ყველაფერი აინტერესებს. თუმცა, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდი ჭორების მხრივ “რეალისთვის” ყველაზე მეტადაა დატვირთული.
ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალური რა თქმა უნდა სერხიო რამოსის ამბავია, რომელსაც პერესის მიერ კონტროლირებადი პრესა კლუბისადმი პატივისცემის ნაკლებობაში ადანაშაულებს. რამოსი ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომელიც კარლო ანჩელოტის გათავისუფლებას ღიად ეწინააღმდეგებოდა, რაც ფლორენტინო პერესს რა თქმა უნდა არ მოეწონა. შედეგად, გაზეთებში წერენ, რომ რამოსი “რეალიდან” წასასვლელად მზად არის ან უბრალოდ ასეთი საუბრებით უკეთესი კონტრაქტი მოპოვებას ცდილობს. თითქოს საქმეში “მანჩესტერი” ჩაერთო, რომელიც მზად არის დავიდ დე ხეა რამოსზე გაცვლოს. ამ დროს კი 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს მადრიდულ კლუბთან.
ანჩელოტის სხვა მოთამაშეებიც იცავდნენ და პირველ რიგში ეს კრიშტიანუ რონალდუა. საუბრები მის შესაძლო წასვლაზეც იყო, თუმცა მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი კლუბია, რომლებსაც პორტუგალიელი ვარსკვალვის მადის დაკმაყოფილება შეუძლიათ. რონალდუს მადრიდში დარჩენა უნდა, თუმცა იმ პირობეით, რომ კლუბს კვლავ უმაღლესი მიზნები იქნება, მწვრთნელი კი გუნდში მის როლს არ შეცვლის. საუბრობენ, რომ ბენიტესი რონალდუს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ხედავს, მარცხენა გარემარბად კი ბეილი ესახება. სწორედ უელსელის ამბავი გახდა ანჩელოტისთვის გადამწყვეტი, რადგან ფლორენტინო პერესი დარწმუნებული იყო, რომ იტალიელი მას სათანადოდ ვერ იყენებდა.
კლუბის რამდენიმე მოთამაშე ახლა გაურკვეველ მდგომარეობაში, რადგან საკადრო გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ წინ არის. კასილიასი დე ხეას სატრანსფერო ამბის დასრულებას ელის. იმ შემთხვევაში თუ “იუანიტედის” კიპერი მადრიდში გადავა, იკერს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. მას “არსენალის” ვარიანტი ჰქონდა, თუმცა ლონდონელებმა პეტრ ჩეხი გადაიბირეს.
ჯერჯერობით “რეალმა” მხოლოდ ორი ახალწვეული წარადგინა. ორივე გასულ სეზონში “პორტუს” ღირსებას იცავდნენ – ბრაზილიელები დანილო და კაზემირო. ეს უკანასკნელი იჯარის წესით თამაშობდა პორტუგალიურ კლუბში და თავი კარგად წარმოაჩინა.
წასულებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე “რეალი” მხოლოდ ხედირამ დატოვა, რომელიც “იუვენტუსში” გადაბარგდა. შესაძოა, გუნდი ილარამენდიმაც დატოვოს, რომლის მიმართ ინტერესი “ლივერპულმა” გამოიჩინა.
გასულ სეზონში ანჩელოტი კლასიკური ჩამშლელების გარეშე ცდილობდა თამაშს, თუმცა ბენიტესს განსხვავებული ხედვა ქვს. ასე რომ, მის ახალ მოდელს ახალი მოთამაშეების დამატებაც დასჭირდება.
“რეალმა” სეზონი ტიტულების გარეშე ჩაატარა, რაც დიდი დარტყმაა კლუბის პრესტიჟისთვის. შესაბამისად, სატრანსფერო პერიოდი მადრიდელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.