მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასის საშეკრებო რაზმი დაასახელა
ინგლისში სარაგბო სამყაროს უდიდესი სანახაობის დაწყებამდე 81 დღე რჩება. ბორჯღალოსნების რაზმი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ უკანასკნელ ეტაპზე შეიკრიბა. საბოლოო შეკრების პირველი ეტაპი სამკვირიანია, რომელიც შევარდენზე გაიმართება.
2015 წლის თბილისის თასის გათამაშების დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში ტურნრირში მონაწილე ბიჭებს დასვენების შესაძლებლობა მიეცათ. გასული კვირის განმავლობაში, სამწვრთნელო შტაბმა თბილისის თასის შედეგების შესასწავლად და მოთამაშეთა შესაფასებლად ანალიზი ჩაატარა, ვინაიდან ისინი ამ ტურნირს მსოფლიო თასისთვის მორაგბეთა საბოლოო სელექციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობად განიხილავდნენ.
„თბილისის თასი მსოფლიოსთვის მოსამზადებელი რაზმის დარჩენილი 10%-ის შესავსებად გამოვიყენეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა წლევანდელი ტურნირი და მიზანიც მიღწეულია – ავარჩიეთ საბოლოო საშეკრებო რაზმი და შევისწავლეთ ის მოთამაშეები, რომლებიც ტრავმების შემთხვევაში ძირითად მოთამაშეებს შეენაცვლებიან. 2015 წლის თბილისის თასმა ჩვენთვის მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხა“ – განაცხადამილტონ ჰეიგმა.
„გასული ტურნირით მართლაც კმაყოფილები ვარ – რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბემ ნამდვილად კარგად წარმოაჩინა თავი, რაც აშკარად ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ქართული რაგბის სიძლიერე ჩვენს მომავალშია. გამოვარჩევდი საბა შუბითიძეს, რომელიც ნამდვილად კარგი მოთამაშეა და თბილისის თასზე კარგი თამაშით საშეკრებო რაზმში თავისი ადგილი დაიმსახურა.“
პირველ სამ კვირას სახლში გავატარებთ
მზადების პირველ ეტაპზე ბორჯღალოსნები სამ კვირიან ფიზ. მომზადებაზე ორიენტირებულ შეკრებას გაივლიან. მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ამ ვარჯიშებით ბიჭები იმ დონეს მიაღწევენ, რომელზეც ჯერ არ ყოფილან. ამაში მათ ისეთი გამოცდილი პროფესიონალები დაეხმარებიან, როგორებიც ქელვინ მორისი (ინგლისის ნაკრების ყოფილი ფიტნესის მწვრთნელი), სკოტ კრინი და ირაკლი ჭყონია არიან.
„მოსამზადებელი პერიოდის პირველი ნაწილი ძირითადად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა, თუმცა რა თქმა უნდა, რაგბსაც დაეთმობა გარკვეული დრო. ფიტნეს მწვრთნელთა გუნდი ქელვინ მორისის თაოსნობით, ბიჭებს აქამდე არნახულ დონეზე მოამზადებს. ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა ისეთ პროფესიონალთან მუშაობა, როგორიც ქელვინია – მას სამი მსოფლიო თასი აქვს გამოვლილი, ორჯერ ინლისის ნაკრებს ამზადებდა, 2003-შიც, როდესაც ინგლისელები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. კმაყოფილები ვართ იმით, რომ მენეჯმენტში ასეთი გამოცდილი ადამიანი გვყავს. ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაუძღვება მზადებას.
„პირველი სამი კვირის შემდეგ ისევ 1 კვირიანი შესვენება გვექნება. ყველას მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ეს დრო გაატაროს ოჯახთან ერთად და სათანადოდ დაისვენოს, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურადაც. თუმცა მათ მოეთხოვებათ მსუბუქად დაიტვირთონ – იცურაონ, იარონ ფეხით ან ველოსიპედით. გვინდა, რომ ბიჭებმა დახარჯული ძალები ბოლომდე აღიდგინონ.“
კრიოთერაპია პოლონეთში
მზადების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ბიჭები მომზადების შემდეგ, სამკვირიან ეტაპზე გადავლენ. პირველ 9 დღეს თბილისში გაატარებენ, ხოლო შემდეგ 19 დღისთ პოლონეთში გაემართებიან, სადაც სამწვრთნელო შტაბი ფიტნეს მზადების კურს განაგრძობს. სპეციალური კრიო კაბინები ფორმაში ჩადგომის მაქსიმალურად სწრაფ ეფექტს იძლევა. ეს ეტაპი ასევე ფიზ. მომზადებას დაეთმობა, რაც შეეხება სარაგბო კუთხით ვარჯიშს, ის მხოლოდ ინგლისში შეკრებაზე გამგზავრების შემდეგ დაიწყება, როდესაც ნაკრები საბოლოო მოსამზადებელ ეტაპზე გადავა.
„ამგვარ გამოცდილებას ჩვენ პირველად ვიძენთ. ფიზ. მომზადების ბევრმა სპეციალისტმა გვირჩია ამ კურსის გახორციელება. კრიო-კაბინის შემდეგ მოთამაშის პოტენციალი 110%-ით იზრდება. ამის გარეშე ინტენსივობა იკლებს, კრიო-თერაპიის დახმარებით კი დღითიდღე იმატებს პოტენციალი. ამ კურსის გავლის შემდეგ კვლავ საქართველოში ვბრუნდებით და მორიგი ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, 24 აგვისტოს, ინგლისში გავემგზავრებით, სადაც მსოფლიო თასისთვის საბოლოო მოსამზადებელ ეტაპს დავიწყებთ.“
ტრადიცია და სტერეოტიპი
მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე შემდგარია, რაშიც თბილისის თასმა დიდი როლი ითამაშა. მილტონ ჰეიგის განცხადებით, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, მსოფლიო თასზე საქართველოს ყველაზე მომზადებული ნაკრები ეყოლება. თუ აქამდე მსოფლიოსთვის მოთამაშეების მოძიება იყო საჭირო, წელს თითო პოზიციაზე რამდენიმე მორაგბე ეცილება ერთმანეთს.
„ჩვენ გვყავს გამოცდილი უკანახაზელების ბირთვი – დავით კაჭარავა და მერაბ კვირიკაშვილი (ეს მისი მე-4 მსოფლიო თასი იქნება). გვყავს ასევე ლაშა ხმალაძე,რომელსაც 40-მდე სანაკრებო კეპი აქვს მოხვეჭილი და სანდრო თოდუა, 48 კეპით. გვყავს საშუალო გამოციდლების მქონე მოთამაშეებიც 20-მდე კეპით და ახალგაზრდა და დიდი პოტენციალის მქონე ბიჭები, რომლებასც ნაკრების შემადგენლობაში ჯერ-ჯერობით 5 მატჩი თუ ექნებათ ჩატარებული. გუნდში გვეყოლება ვასილ ლობჟანიძეც, რომელიც ოქტომბერში გახდება 19 წლის და მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე იქნება. ასეთ ახალბედა მოთამაშეებს გუნდში დიდი ენთუზიაზმი და ენერგია შემოაქვთ.
„რაგბის სამყარო საქართველოს ნაკრებს აღიქვამს, როგორც შერკინებაზე ორიენტირებულ გუნდს, რაც ტრადიციიდან და სტერეოტიპიდან გამომდინარეობს, თუმცა ზოგ შემთხვევებში ტრადიციები უგულებელსაყოფია. ბოლო წლების განმავლობაში თუ დააკვირდებოდით ჩვენი ნაკრების თამაშს, შენიშნავდით, რომ მნიშნელოვანი წინსვლაა უკანა ხაზის თამაშში. მართალი გითხრათ, როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში, გუნდში სწორედ ეს ფაქტორი იყო გამოსასწორებელი იმ მიზნით, რომ პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან უფრო ტოლ-სწორად გვეთამაშა. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ეს იყო ჩვენი გეგმა, პროცესი დღემდე მიმდინარეობს და გაგრძელდება, რადგან მიზნის მიღწევამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი. ამჯერად გვყავს ბევრი კარგი უკანახაზელი, თუმცა ის რაც კარგი გვაქვს კიდევ უფრო გასაუმჯობესებელია. თუ დააკვირდებით ჩვენს ლელოებს – 50% უკანა ხაზიდან, ხოლო 50% კი შერკინებიდან გროვდება. სწორედ ეს არის წინსვლის კარგი მაჩვენებელი.“
უფრო გამოცდილი მორკინალებით
„მოდი ვთქვათ, რომ ჩვენი შერკინება სასელექციო რაზმის უფრო მეტად გამოცდილ ნაწილს წარმოადგენს, რომელშიც სამივე ხაზში გამობრძმედილი მოთამაშეები გვყავს. ჩვენნაირი ფორვარდების ყოლა ნამდვილად უდიდეს ძალას წარმოადგენს, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგვეძლება შერკინებაზე ორიენტირებული რაგბის თამაში ან უკანა ხაზის მაღალი ტემპით ბურთაობა. ეს სწორედ ის არის რის მიღწევასაც ვცდილობდით. თუმცა მიზანთან ჯერ მაინც არ ვართ და იქამდე ბევრი გვაქვს საკეთებელი.“
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის თასის მესამე ტურში მიღებული მუხლის ტრავმის გამო რეაბილიტაციას გადის ლევან დათუნაშვილი და მისი მდგომარეობის შესახებ რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. გარდა გამოცდილ მორკინალთა ბირთვისა, რომლებსაც ლამისაა მთელს მსოფლიოში კარგად იცნობენ, შეკრებაზე კიდევ რამდენიმე ახალბედას უხმეს, რომლების ახალგაზრდულ ნაკრებებში კარგი თამაშით ეროვნულის სამწვრთნელო შტაბის თვალთახედვის არეში მოხვდნენ – „ამ მოთამაშეებმა თბილისის თასზე ეროვნულ გუნდში თამაშის გამოწვევას კარგად გაართვეს თავი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბექა გორგაძის, ოთარ გიორგაძისა და საბა შუბითიძის თამაში.
„საშეკრებო რაზმში ვგეგმავთ ასევე რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდის დამატებას, რათა მათ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე შეექმნათ წარმოდგენა და ეს გამოცდილება დააგროვონ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი გამოყენება ამ კამპანიისას არ დაგვჭირდება, ეჭვგარეშეა, რომ ეს გამოცდილება მათვის ფასდაუდებელი იქნება 2019 წლის მსოფლიო თასისთვის.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
ქართული რაგბის ქომაგებისა და სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდგ ვინდა გაცნობოთ, რომ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით სამსოფლიო შეკრების პირველი სამკვირიანი ეტაპის განმავლობაში ღია ვარჯიშები არ გაიმართება. მზადების მომდევნო ეტაპების დროს დანიშნული ღია ვარჯიშებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციას გაცნობებთ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური მედიის პლათფორმების ( > Facebook > Twitter) მეშვეობით
ბორჯღალოსნების რაზმი 2015 წლის მსოფლიო თასის წინა შეკრებაზე
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | მონლიუსონ [სფრ ფედ 1] | 1983 | 84 | 12ლ 108გ 119ჯ 3ა [642ქ] 3სბ |
15 | ბექა წიკლაური | ლოკომოტივი [საქ] | 1989 | 20 | 2ლ 11გ 15ჯ 2ა [83ქ] |
15 | გიორგი აფციაური | ქუთაისის აია [საქ] | 1994 | 8 | : |
15 | ირაკლი სვანიძე | გორის ჯიქი [საქ] | 1996 | 1 | : |
14/11 | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ] | 1987 | 48 | 5ლ 2სბ |
14/12 | თამაზ მჭედლიძე | აჟენ [სფრ პრო დ2] | 1993 | 29 | 4ლ |
14/11 | მურაზ გიორგაძე | არმაზი [საქ] | 1994 | 6 | ლ |
14/11 | გიორგი ფრუიძე | ქუთაისის აია [საქ] | 1994 | 3 | : |
13/12 | დავით კაჭარავა | ენისეი კრასნოიარსკ [რუს] | 1985 | 81 | 17ლ [4 კაპ] სბ |
13/12 | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 34 | 7ლ [1 კაპ] |
13/10 | გიორგი ტალახაძე | ლელო სარასენს [საქ] | 1994 | 2 | : |
10 | ლაშა მალაღურაძე | ბანიერ [სფრ ფედ 1] | 1986 | 56 | 3ლ 27გ 22ჯ 3ა [144ქ] 2სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ] | 1988 |
38 |
5ლ 4გ [33ქ] |
9 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ] | 1986 | 34 | 2სბ |
9 | ვაჟა ხუციშვილი | რუსთავის ხარები [საქ] | 1993 | 19 | : |
9 | ვასილ ლობჟანიძე | არმაზი [საქ] | 1996 | 5 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 26 | ლ სბ |
1 | ვასილ კაკოვინი | ტულუზ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 24 | ლ სბ |
1/2 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 19 | 7ლ 2სბ |
1 | კახა ასიეშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 10 | ლ |
2 | სიმონ მაისურაძე | ვალანს [სფრ ფედ 1] | 1986 | 32 | სბ |
2 | შალვა მამუკაშვილი | სეილ შარქს [ინგ პრემ] | 1990 | 29 | 3ლ |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ] | 1987 | 27 | ლ |
3 | დავით ზირაქაშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1983 | 48 | 9ლ [1 კაპ] 3სბ |
3 | დუდუ ქუბრიაშვილი | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1986 | 39 |
2ლ წბ სბ |
3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 23 | 3ლ |
3/1 | ანტონ ფეიქრიშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 15 | ლ სბ |
4/8 | გიორგი ჩხაიძე | ლილ [სფრ ფედ 1] | 1981 | 83 | 10ლ [1 კაპ] 6სბ |
4/5 | გიორგი ნემსაძე | ტარბ [სფრ პრო დ2] | 1984 |
49 |
9ლ 3სბ |
4/5 | კოტე მიქაუტაძე | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 34 | 2ლ 2სბ |
4/5 | ვახტანგ მაისურაძე | ალბი [სფრ პრო დ2] | 1987 | 24 | 2ლ |
4/5 | ოთარ გიორგაძე | ქუთაისის აია [საქ] | 1996 | 2 | ლ |
7/8 | მამუკა გორგოძე | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1984 | 59 | 24ლ [2 კაპ] 4სბ |
6/7 | შალვა სუთიაშვილი | მასი [სფრ პრო დ2] | 1984 | 48 | ლ [7 კაპ] 3სბ |
6/7 | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 31 | 3ლ [1 კაპ] 2წბ 4სბ |
6/7 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ] | 1991 | 20 | ლ სბ |
6/7 | საბა შუბითიძე | აკადემია [საქ] | 1994 | 3 | : |
6/7 | ბექა გორგაძე | მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2] | 1996 | 2 | სბ |
8 | დიმიტრი ბასილაია | პერპინიონ [სფრ პრო დ2] | 1985 | 38 | 6ლ სბ |
8 | ბექა ბიწაძე | ლოკომოტივი [საქ] | 1991 | 15 | 3ლ |
8 | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 12 | 2ლ სბ |
Rugby.GE