ლუკა რაზმაძე : „შევეცდებით წარმატებით დავძლიოთ სერბული გუნდის ბარიერი.“
ლუკა რაზმაძე გორის „დილაში“ ერთ-ერთი გამოცდილი ნახევარმცველია, რომელმაც ფეხბურთის თამაში გორში დაიწყო.
შემდეგ, წლების განმავლობაში გამოდიოდა თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ შემადგენლობაში, სადაც საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა. ასევე გახლდათ რუსთავის „ოლიმპის“ ფეხბურთელი. ჰექტორ რაულ კუპერის ფორმაციის ეროვნულ ნაკრებში არაერთი თამაში აქვს ჩატარებული და იგი ყოველთვის გამოიჩევა თავისი ბრძოლისუნარიანობით სათამაშო მინდორზე.
ვიტ ჯორჯიაში ორგზის საქართველოს ჩემპიონი გახდი, „დილაში“ დაბრუნების შემდეგ უკვე მშობლიურ კლუბთან ერთად იზეიმე ჩმპიონობა, რას იტყვი ამასთან დაკავშირებით?
„მართლაც, გარკვეული წლების განმავლობაში მომიწია სხვადასხვა გუნდებში თამაში. ჩემპიონობა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის ორმაგად სასიხარულო გახლდათ მშობლიურ გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და მოხარული ვარ რომ გუნდის გაჩემპიონობაში მეც მივიღე მონაწილეობა და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს გულშემატკივარს კიდევ არაერთი ტიტულით გავახარებთ.“
გუნდი თურქეთში გადის მოსამზადებელ ეტაპს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისა და ეროვნული ჩემპიონატისათვის. რას იტყვით მომზადების შესახებ?
„კარგ პირობებში გვიხდება მომზადება. ეს ჩვენი მეორე შეკრებაა და ნელ-ნელა გუნდი შედის ოპტიმალურ ფორმაში. რაც მთავარია გუნდი იკვრება, ახალწვეულებიც კარგად შეეწყვნენ გუნდს და მომზადების მხრივ ყველაფერი ნორმალურადაა, დანარჩენი უკვე თითოეულ ჩვეთაგანზეა დამოკიდებული.“
თქვენს პოზიციაზე, სადაც თამაშობთ განსაკუთრებული კონკურენციაა…
„მარტო შუა ხაზზე არა, ყველა რგოლშია კონკურენცია. ეს ბუნებრივი და ჯანსაღი სიტუაციაა. ყველა კარგ გუნდში სწორედ ასე უნდა იყოს და ჩვენთანაც ასეა. მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება კონკრეტულ მომენტში ვის მისცეს თამაშის საშუალება.“
გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რას იტყვით მათზე?
„ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, აქვთ ძალიან კარგი მომავალი და მწვრთნელი მათ ენდობა. ჩვენც გუნდში მყოფი გამოცდილი ფეხბურთელები ყველანაირად გვერდში დავუდგებით და იმედი გვაქვს, რომ თითოეული მათგანი დიდი ფეხბურთისაკენ გაიკვლევს გზას.“
მომავალ მეტოქეზე ბელგრადის „პარტიზანზე“ რას გვეტყვით?
„პარტიზანის სახით საკმაოდ სერიოზული მეტოქე შეგვხვდა, თუმცა ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეტოქე სერიოზულ ძალას წარმოადგენს. ჯერჯერობით ფეხბურთელებს არ გვინახავს მეტოქე გუნდის თამაში. მწვრთნელები ნახავენ და შეაფასებენ მინ სიძლიერეს, შემდეგ უკვე ფეხბურთელებიც ვნახავთ ამ თამაშებს. იმედია გამოვიტანთ სწორ დასკვნებს და შევეცდებით წარმატებით დავძლიოთ სერბული გუნდის ბარიერი.“
და ბოლო რას ეტყვით გულშემატკივარს…
„ვიცით რომ გულშემატკივრის მოლოდინი მოახლოვებულ თამაშთან დაკავშირებით ძალიან დიდია. ქომაგი ჩვენთვის მეთორმეტე მოთამაშეა და მთელი სეზონის მანძილზე მათ მხარდაჭერას ვგრძნობდით. დარწმუნებული ვარ, „პარტიზანთან“ მოახლოვებული დაპირისპირების დროს მათი მხარდაჭერა ორმაგად იქნება საჭირო და ღმერთის წყალობით ყველანი ერთად შევძლებთ და ვიზეიმებთ ამ რთული ბარიერის გადალახვას.“
„დილას“ პრესსამსახური