„გაბალასთან“ მატჩის წინ „დინამოს“ პრეზიდენტის სპეციალური განცხადება
მოგეხსენებათ, დღეს, 20:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე„ უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შედგება, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და აზერბაიჯანული „გაბალა“ დაუპირისპირდებიან. ხსენებულ შეხვედრასთან დაკავშირებით თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ სპეციალური მიმართვა მოამზადა, რომელიც კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
„პირველ რიგში, ყველა „დინამოელის“ სახელით მივესალმები საფეხბურთო კლუბ „გაბალას“ – მის წარმომადგენლებს, მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს – ჩვენს მეგობრებს მეზობელი ქვეყნიდან. გაბალა ღირსეული მეტოქეა და ჩვენთვის დიდი პატივია აზერბაიჯანელი სტუმრების მიღება – „დინამომ“ თავის ისტორიაში პირველი მატჩი ხომ სწორედ ბაქოელ თანაკლუბელებთან გამართა.
ეს ჩვენთვის ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია და ყველანი დიდი ინტერესით ველოდებით 2 ივლისის შეხვედრას – ევროთასები ყოველთვის განსხვავებული ხიბლითა და ატმოსფეროთი გამოირჩევა. ახალი სეზონის წინ წარმატება მინდა ვუსურვო ყველა დინამოელს – პირველი გუნდის მოთამაშეებს, დუბლიორებს და განსაკუთრებით აკადემიის აღსაზრდელებს, ვისზეც ჩვენი გუნდის მომავალი დგას.
ბევრი დაუვიწყარი ევროპული საღამო ახსოვს „დინამო არენას“ და იმედია დღევანდელი დაპირისპირებაც სწორედ ერთ-ერთი მათგანი იქნება.
დინამო თბილისის პრეზიდენტი – რომან ფიფია“, – ნათქვამია განცხადებაში.