მხნედ არიან, ინტენსიობაც იმატებს
შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაილია ბორჯღალოსანთა მსოფლიო თასის წინა შეკრების პირველი კვირა.
მილთონ ჰეიგის შეგირდები თავს არ ზოგავენ – საქვეყნოდ ცნობილი ფიზ.მომზადების მწვრთნელის ქელვინ მორისის ხელმძღვანელობით ამ პაპანაქებაში ოფლს ორმაგად ღვრიან, რათა ინგლისში საკადრისად დაიცვან ქართული რაგბის ღირსება.
ვარჯიშის ფოტოები >>>
წინდაწინ დათქმული პირობით, საზოგადო მედიას გუნდთან ჯერჯერობით ვერ მიესვლება, რადგან დატვირთვა იმდენად მძიმეა, რომ მის გასაძლებად ბიჭებს ფიზიკური და მენტალური რესურსის სრულად მობილიზება ჭირდებათ.
მოვარჯიშენი ვაჟკაცურად იტანენ განსაცდელს, სამწვრთნელო შტაბი ჰპირდებათ, რომ მზადების ინტენსიობა კიდევ იმატებს და ამ გაგანია ზაფხულში მიღებული წრთობა შემოდგომაზე, მსოფლიო თასზე გამოადგებათ.
ბანაკიდან დამაიმედებელი ცნობები მოგვდის – ყველანი ყოჩაღად არიან. ვარჯიშები მრავალფეროვანია. ყურადღება ექცევა ამტანობას, ღონეს, სიჩქარეს, სისხარტესა და მოქნილობას.
თასზე ბორჯღალოსნები გაწაფულ მეტოქეებს რომ უნდა შეებან, ფიზიკურ ვარჯიშთა უმეტესობა ბურთით სრულდება და ამით კონტაქტში თამაშის ელემენტები იხვეწება.
ერთი სიტყვით, ჩვენი რჩეულნი ისე ემზადებიან, როგორც არასდროს, რათა ინგლისში მიაღწიონ შედეგს, რომელიც ქართულ რაგბს ახალ ორბიტაზე გაიყვანს.
რაზმში ერთი სიახლეა – 20-წლამდელთა ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს, ფულბეკირაკლი სვანიძეს, რომელმაც პირველი სანაკრებო კეპი თბილისის თასზე მოიხვეჭა, ძველმა ფეხის ტრავმამ შეახსენა თავი, რის გამოც მას სამ-ოთხ კვირიანი რეაბილიტაციის გავლა მოუწევს.
ქართული რაგბის ქომაგებისა და სპორტულ ჟურნალისტებს შეგახსენებთ, რომსამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით შეკრების პირველი სამკვირიანი ეტაპისგანმავლობაში ღია ვარჯიშები არ გაიმართება. მზადების მომდევნო ეტაპების დროსდანიშნული ღია ვარჯიშებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციას გაცნობებთსაქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური მედიისპლათფორმების ( > Facebook > Twitter) მეშვეობით
Rugby.GE