იკარდი: “ინტერის” მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა”
მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა იქნება. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში რობერტო მანჩინიმ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიცია დაიკავა და ევროთასებზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.
“ინტერს” სამი თუ ოთხი წელია, არაფერი არ მოუგია. ჩემპიონთა ლიგას უნდა დავუბრუნდეთ. ამ მიზანზე გამუდმებით ვფიქრობთ. კლუბმა გააკეთა ის, რასაც მოველოდი – ჩვენ გვინდა კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა, რაზეც ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკაც მეტყველებს. უკვე ვიყიდეთ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები.
მომენატრა რაღაც მნიშვნელოვანისთვის თამაში – ჩემპიონატის მოგებისთვის ან ევროპათასებზე ასპარეზობისთვის. მინდა, რომ “ინტერმა” უკეთეს შედეგებს მიაღწიოს, ვიდრე ეს წინა სეზონში იყო. მინდა, რომ სეზონი რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე დავასრულოთ”, – იკარდის სიტყვები საფეხბურთო პორტალ Goal.com-ზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ მილანის “ინტერს” ჩემპიონთა ლიგაზე 2011/12 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშია.