გია გეგუჩაძე: “გაბალასთან” ძალიან რთული დაპირისპირება გველის”
დღეს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. “დინამო თბილისი” აზერბაიჯანში “გაბალასთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. გეგუჩაძის გარდა ჟურნალისტების წინაშე “დინამოს” ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაურიც წარსდგა.
“რა შეიძლება ითქვას ხვალინდელ მატჩზე?! ისევე როგორც პირველი თამაში, ძალიან რთული დაპირისპირება გველის “გაბალასთან”. ჩატარებული მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე კი, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. ჩვენ სრული შემადგენლობით ვემზადებით, თუმცა გვაქვს გარკვეული დანაკლისი. როგორც პირველ მატჩში, ახლაც არ გვეყოლება დაშავებული ოთარ კაკაბაძე და გიორგი გველესიანი, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება”, – ციტირებს გეგუჩაძის სიტყვებს “დინამოს ოფიციალური ვებგვერდი.
“პირველ რიგში, ყველა ქართულ გუნდს წარმატება მინდა ვუსურვო ევროთასებზე. თბილისური შეხვედრა ურთულესი გამოდგა და ფაქტიურად მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით მოგვიწია ასპარეზობა. ხვალინდელი მატჩი არანაკლები სირთულის იქნება, თუმცა ბიჭები მორალურად და ფიზიკურად ყველანი მზად ვართ და შევეცდებით, გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი”, – აღნიშნა ჯაბა ჯიღაურმა.
მატჩი “გაბალასა” და “დინამოს” შორის დღეს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.