თბილისის “დინამო” ევროპის ლიგას დაემშვიდობა
9 ივლისს, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულმა “გაბალამ” თბილისის “დინამო” საპასუხო მატჩში ანგარიშით 2:0 დაამარცხა, ქართული კლუბი კი ტურნირს გამოეთიშა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი “გაბალას” აქტიურობით დაიწყო. მე-6 წუთზე, მასპინძლებმა კარის მიმართულებით პირველად დაარტყეს, თუმცა ბურთი თბილისელთა კარს ასცდა.
მე-8 წუთზე, მოულოდნელად, გიორგი პაპუნაშვილმა შორი მანძილიდან მეტოქის კარის დალაშქვრა სცადა, თუმცა ბეზოტოსნიმ დამაჯერებლად ითამაშა.
დაახლოებით ათ წუთში შორიდან ჰუსეინოვმა დაარტყა, თუმცა ჰრდლიჩკა ბურთს ადვილად დაეუფლა. მატჩის ბოლო წუთზე მასპინძლებს გოლის გატანის რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ სადიგოვის დარტყმული დინამოელთა კარის დარაჯმა ნახტომში მოიგერია.
მეორე ნახევარში გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ფლორესკუს მიეცა, თუმცა მან ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. 65-ე წუთზე ქვილითაიამ დაარტყა, თუმცა არაზუსტად. დაახლოებით ერთ წუთში ისევ ქვილითაია აქტიურობდა, რომელმაც გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.
69-ე წუთზე შეტევაში თოთაძე ჩაერთო, მან ძლიერი დარტყმით მეტოქის კარის აღება სცადა, თუმცა ბურთი კარს ასცდა. ორ წუთში, ყველასათვის გასაკვირად, მსაჯმა მოედნიდან თოთაძე გააძევა, რომელსაც მეთოქესთან ორთაბრძოლის შემდეგ პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
88-ე წუთზე, “დინამოს” საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, თბილისელები გაშვებულ გოლს სასწაულებრივად გადარჩნენ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, რამდენიმე წამში მამადოვმა გოლის გატანა მაინც მოახერხა – 1:0.
რამდენიმე წუთში, ანტონოვმა “დინამოს” კარში მეორე გოლი გაიატანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.