ჯერარდი: “გაიგეთ, რომ მე არ ვარ ბექჰემი”
ამერიკული “ლოს ანჯელეს გალაქსის” ახალწვეულმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ არ ღირს მისი დევიდ ბექჰემთან შედარება, რომელიც თავის დროზე ასევე კალიფორნიული გუნდის ღირსებას იცავდა.
“მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რომ მე არ ვარ ბექჰემი. მე არც ისე კარგი შესახედაობის ვარ, როგორც დევიდია და ალბათ, არც იმდენად გავლენიანი გახლავართ, როგორც ბექჰემია, თუმცა მინდა მჯეროდეს, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ჩვენ ერთ დონეზე ვდგავართ.
სანამ აქ გადმოვიდოდი, MLS-ი სიღრმისეულად შევისწავლე. “გალაქსის” მატჩებს ვიწერდი და მეორე დილით ვუყურებდი, YouTube-ზე ვიდეოებსაც ვადევნებდი თვალყურს, ვაკვირდებოდი, როგორ თამაშობენ ფეხბურთელები”, – საუბრობს ჯერარდი ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
“ყველაზე იოლი არჩევანი “ლივერპულში” კიდევ ერთი წლით დარჩენა იქნებოდა, – აგრძელებს ინგლისელი ფეხბურთელი. – კომფორტულად ვიქნებოდი, ჩემს სახელს გამოვიყენებდი ახალი მოთამაშეების მოსაზიდად ან კარიერას დავასრულებდი, თუმცა საკუთარი თავისთვის ახალი გამოწვევის დასახვა მსურდა. ვფიქრობ, ამ ასაკში დიდი გამოწვევა და შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა. ერთი სული მაქვს, მოედანზე როდის გავალ”, – აღნიშნა ჯერარდმა .