ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მოიგო!
დასრულდა უიმბლდონის კაცთა 2015 წლის გათამაშების ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს პლანეტის პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტურნირის შვიდგზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი შევხდნენ.
პირველი სეტი თანაბარი გამოდგა, მისი ბედი ტაიბრეიკზე გაირკვა, რომელშიც ჯოკოვიჩმა ფედერერი უშანსოდ დატოვა. მეორე სეტი მსგავსი სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა ამჯერად ტაიბრეიკი დაძაბული გამოდგა და შვეიცარელმა სეტის მოგება შეძლო. მესამე სეტის შუა ნაწილის მიმდინარეობისას წვიმა წამოვიდა, რის გამოც მატჩი ცოტა ხნით შეწყდა. საბოლოოდ, პაუზამ უკეთესად ჯოკოვიჩზე იმოქმედა და მესამე სეტი მან 6:4 მოიგო. მეოთხე სეტში კი სერბმა ორი ბრეიკი მიითვალა და 6:3 გაიმარჯვა.
აქედან გამომდინარე, ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მესამედ მოიგო. ცნობისთვის, წელს მთავარ ტიტულებს შორის მან ასევე ავსტრალიის ღია პირველობის მოგება მოახერხა და „როლანდ გაროსის“ ფინალამდე მივიდა, სადაც სტანისლას ვავრინკასთან დამარცხდა.