გორში “პარტიზანი” — “დილას” მატჩის ტრანსლირება იგეგმება
დღეს, 14 ივლისს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადის “პარტიზანსა” და გორის “დილას” შორის პირველი მატჩი გაიმართება. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საფეხბურთო კლუბ “დილას” ორგანიზებით სერბეთიდან შეხვედრის საჯარო ტრანსლირება იგეგმება. გორის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივართა შეკრება 20:00 საათიდან დაიწყება. მატჩის დაწყებამდე პარკის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ მონიტორზე ქომაგები იხილავენ კლიპს, რომელშიც ნაჩვენები იქნება საუკეთესო ეპიზოდები “დილას” მიერ ჩატარებული შეხვედრებიდან.
სამწუხაროდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სერბულ მხარესთან მატჩის პირდაპირ ტრანსლაციაზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღია და დიდი ალბათობით, საქართველოში შეხვედრის ტელერეპორტაჟი არ განხორციელდება.
მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას ბასტიან დანკერტის ხელმძღვანელობით გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.