უჩა სოსიაშვილი: “ვიცით, როგორია მეტოქის მენტალიტეტი და ტექნიკური შესაძლებლობები”
ბელგრადის “პარტიზანის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინა დღეს, გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
გორელთა 25 წლის თავკაცის თქმით, “პარტიზანი” საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელსაც კარგი ინდივიდუალისტები ჰყავს.
– ჩვენ ძალიან დიდი კლუბის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. “პარტიზანი” საკმაოდ წარმატებული გუნდია. გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ საინტერესო და დაძაბული მატჩი იქნება.
– რატომ ჩამოხვედით ბელგრადში მატჩის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე?
– ვიცოდით, რომ ბელგრადი ძალიან სასიამოვნო და ლამაზი ქალაქია. აქ საუკეთესო სასტუმრო დაგვახვედრეს. გვინდოდა, ცოტა ადრე ჩამოვსულიყავით და ეს დრო კარგ პირობებში გაგვეტარებინა.
– “პარტიზანის” თამაში ნანახი გაქვთ?
– რა თქმა უნდა, ნანახი მაქვს. ინფორმაცია მაქსიმალურად მოვიპოვეთ. “პარტიზანმა” ჩემზე ძალზედ ძლიერი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.
– “პარტიზანის” მწვრთნელმა თქვა, რომ გორის “დილამ” სამი ამხანაგური შეხვედრა გამართა, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ იხილა. მაინტერესებს, თქვენ თუ მოახერხეთ “პარტიზანის” შესწავლა და რას დაუპირისპირებთ მეტოქეს?
– დარმუნებული ვარ, რომ მოწინააღმდეგე გუნდი მაქსიმალურად მოიპოვებდა იმ ინფორმაციას, რაზეც ხელი მიუწვდებოდა. ვფიქრობ, მეტოქეს თითოეული დეტალი გაანალიზებული ექნება. პირადად მე, “პარტიზანის” ხუთი მატჩი ვნახე. ვიცით, მათი მენტალიტეტი და მათი ტექნიკური შესაძლებლობები. მე ვიტყოდი, ამ კუთხით ჩვენ უპირატესობა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, მეტოქეზე ჩვენ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება შევძელით, ვიდრე მათ ჩვენზე.
– თქვენი აზრით, “პარტიზანის” რომელი ფეხბურთელია ყველაზე სახიფათო?
– “პარტიზანი” კარგად დაკომპლექტებული გუნდია, რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფა კი გამიჭრიდება. მეტოქე გუნდურ თამაშს თამაშობს, მაგრამ ინდივიდუალისტების ნაკლებობას არ განიცდის.
– ხვალ როგორი შედეგით იქნებით კმაყოფილი?
– რა თქმა უნდა, ჩვენ თამაში არ უნდა წავაგოთ, ეს იქნება კმაყოფილების განცდა.
– ბევრი ახალი ფეხბურთელი დაიმატეთ. რა ამბიცია გაქვთ მომდევნო სეზონში?
– ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი და თასი მოვიგოთ.
შეგახსენებთ, რომ “პარტიზანსა” და “დილას” შორის გასამართი მატჩი 14 ივლისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.