არველაძემ მოგებით დაიწყო (ვიდეო)
“ტრაბზონსფორის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა. ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულმა გუნდმა ლუქსემბურგის “დიფერდანჟი” მიიღო და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
შოთას გუნდმა მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყო, თუმცა დაგეგმილი სწრაფი გოლის გატანა ვერ შეძლო. სტუმრები დიდი ძალებით იცავდნენ თავს. მიუხედავად ამისა, “ტრაბზონსფორმა” ანგარიშის გახსნა შეხვედრის პირველივე ნახევარში შეძლო. 44-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა მეჰმეთ ექიჯიმ.
მატჩის მეორე ტაიმიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლი აღარ გასულა.
წყვილის საპასუხო შეხვედრა ლუქსემბურგში 23 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე “ტრაბზონსფორის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 ივლისიდან მუშაობს. მისი თანაშემწე გიორგი დევდარიანი გახლავთ.
ევროპის ლიგა
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
პირველი მატჩი:
“ტრაბზონსფორი” — “დიფერდანჟი” 1:0 (1:0)
გოლი: ექიჯი 44′.
გაფრთხილებები: მუსა ნიზამი 28′, სეფა ილმაზი 65′ — ბუკვიჩი 35′.