კობახიძე: „გოლის გატანისას ტრაექტორიის გათვლა რთული იყო“
ჯაბა კანკავას „დნიპროსა“ და დავით ხოჭოლავას „ჩერნომორეცის“ მსგავსად, უკრაინის ჩემპიონატი ფრით სანდრო კობახიძის „ვოლინმაც“ დაიწყო, რომელმაც „ვორსკლასთან“ მატჩი 1:1 დაასრულა. ერთადერთი გოლი „ვოლინის“ მხრიდან სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.
კობახიძემ „ვოლინის“ ოფიციალურ საიტთან საუბრისას აღნიშნული მატჩი შეაფასა.
„როდესაც გოლს ვიტანდი, ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ასე დარტყმას ვაპირებდი. ასეთი დარტყმა გამოვიდა, ტრაექტორიის გათვლა რთული იყო. ვფიქრობ, რომ გოლში დიდი წვლილი თანაგუნდლეებმაც შეიტანეს. განსაკუთრებით ეს რედვან მემეშევს ეხება. მან ბოლომდე იბრძოლა, ამიტომაც მას მადლობა გადავუხადე.
ამ მატჩისთვის ბევრს ვემზადებოდით, ვიცოდით, რომ მეტოქე შეთამაშებულია და 2-3 სეზონის განმავლობაში თითქმის ერთი შემადგენლობით თამაშობს. ვფიქრობ, დღეს შესაძლებლობების მხოლოდ 50% ვაჩვენეთ. ყველანი ოპტიმალურ ფორმაში უნდა ჩავდგეთ.
პირველ ნახევარში „ვორსკლა“ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მეორე ნახევარი უკეთესად ჩავატარეთ. ალბათ, ფრე ლოგიკური შედეგია“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მეორე ტურში „ვოლინი“ დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლებს.