“დილას” დირექტორის სპეციალური მიმართვა
გორის “დილას” დირექტორი გიორგი ტუღუში სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გორის ,,დილა“ დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რაც ჩვენი ქალაქისთვის უდიდესი მნიშვნელობის სპორტულ და სოციალურ მოვლენას წარმოადგენს. ამავდროულად, ასეთი მასშტაბის ღონისძიებები, რომელიც საერთაშორისო სპორტული საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს დარწმუნებული ვარ ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქ გორის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
გორის ,,დილას“ აქვს რეალური შანსი კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპისკენ. ორი თვის წინ შეუძლებელი ჩანდა ,,დილას“ სტადიონზე ასეთი მნიშვნელობის მატჩის გამართვა, თუმცა დავისახეთი მიზანი, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრა სწორედ გორში გაიმართებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი სრულ მზადყოფნაში ხვდება დღევანდელ შეხვედრას, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კლუბის ყველა თანამშრომელს, სპორტულ და ორგანიზაციულ მხარეს, რადგან მათ უმოკლეს პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლეს, იმისათვის რომ ჩვენს არენას უეფას სტანდარტებისა და რეკომენდაციებისთვის გაეცა პასუხი.
მთავარი სათქმელი, რომელიც აგრეთვე სიურპრიზია ჩვენი გულშემატკივრისთვის, მინდა ბოლოსკენ გადმოგცეთ: იმ შემთხვევაში თუ დღეს ჩვენი გუნდი ,,პარტიზანის“ ბარიერს გადალახავს, რისი დიდი იმედიც გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, დღევანედლის მსგავსად, გორის ,,დილა“ კვლავ ჩვენს ქალაქში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს!
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქალაქი, ღმერთმა დალოცოს გორის ,,დილა“.
„დილას“ პრესსამსახური