გორის „დილა“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა
გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს გორის „დილა“ და ბელგრადის“ პარტიზანი“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა „პარტიზანის“ გამარჯვებით, 0:2 დასრულდა.
მეცხრე წუთზე შორიდან ანდრე ჟივკოვიჩმა დაარტყა, თუმცა გორელთა კარს ბურთი საგრძნობი მანძილის ასცდა. მე-16 წუთზე მარცხენა ფლანგზე მოდებაძემ ილურიძეს კარგი პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი მცველს აჯობა და ფლანგიდან დაარტყა, თუმცა ამ ბურთის აღება მეკარე ჟივკო ჟივკოვიჩსთვის პრობლემა არ ყოფილა. ორ წუთში მარჯვენა ფლანგიდან ბაბოვიჩმა ბოჟინოვის მიმართულებით ჩააწოდა, ბულგარელმა ბურთი გაატარა, ჟივკოვიჩის დარტყმა კი „დილას“ კარს სულ მცირედით ასცდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში გორელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს. მსაჯს პირველი ყვითელი ბარათის ჩვენება მე-18 წუთზე მოუწია – კამათისთვის ირაკლი მოდებაძე დაისაჯა. 23-ე წუთზე, ოთარ მარცვალაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი „პარტიზანის“ ერთ-ერთ მცველს მოხვდა და ბელგრადელთა კარის მიმართულებით სახიფათოდ წავიდა, შედეგად კუთხური დაინიშნა, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია. 26-ე წუთზე კვლავ ილურიძემ იაქტიურა, რომელმაც ლაშა გვალია კარგი პასით მოამარაგა, ამ უკანასკნელს ხელს არავინ უშლიდა, რისი დახმარებითაც მან შორიდან ძლიერად დარტყმა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 33-ე წუთზე მოდებაძე და მარცვალაძე მეტოქის კართან ახლოს იყვნენ, მაგრამ მცველებმა მათ ხელი შეუშალეს და ბურთი აუტზე გადააგდეს. ოთხ წუთში პეტროვიჩმა მარჯვენა ფლანგზე ჩინებულად ითამაშა – „პარტიზანის“ მცველმა ბურთი ხურცილავას ფეხებს შორის გაუტარა, იქვე გვალიაც მოატყუა და პასი ბრაშანაცს გაუკეთა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით გორელთა მეკარე შევჩენკო უშანსოდ დატოვა – 0:1. სოსიაშვილის გუნდის ამოცანა უკვე სამი გოლის გატანა გახდა. პირველი ტაიმის ბოლოს „დილას“ ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც კუთხურის შემდეგ მოდებაძემ თავით დაარტყა – ანგარიში უცვლელი დარჩა.
უჩა სოსიაშვილმა მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან ორმაგი ცვლილება გაოიყენა – პაპავას ნაცვლად კვირკვია გამოვიდა, ხოლო ილურიძის ადგილი მაშუკოვმა დაიკავა. 54-ე წუთზე მასპინძლებმა კვლავ შორიდან დარტყმა სცადეს – ამჯერად მეტოქის კარს მარცვალაძემ დაუმიზნა. სამ წუთში „პარტიზანს“ უპირატესობის გაზრდა შეეძლო – უმარუ შევჩენკოსთან პირისპირ გავიდა, თუმცა „დილას“ მეკარემ ბრწყინვალედ ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. სამაგიეროდ, 64-ე წუთზე „პარტიზანის“ მოთამაშემ თავისი შანსი გამოიყენა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში ადვილად შევიდა და გოლის გატანაც არ გასჭირვებია – 0:2. 68-ე წუთზე გორელ მოთამაშეებს გულშემატკივრებთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის გამოც მსაჯმა მარცვალაძე და ნავალოვსკი ყვითელი ბარათებიც „დაასაჩუქრა“ (იხილეთ ვიდეო). იმავე წუთზე მილინკოვიჩმა პირველი ცვლილება გამოიყენა – ვალერი ბიჟინოვის ადგილი მოედანზე ნიკოლა ნინკოვიჩმა დაიკავა. 73-ე წუთზე უმაროს დუბლის შესასრულებლად სულ ცოტა დააკლდა. 88-ე წუთზემარცვალაძის ნაცვლად მოედანზე შესულმა ერისთავმა საჯარიმო დარტყმა კარგად შეასრულა – ბურთი ძელს მოხვდა.
საბოლოოდ, :2 და ორი მატჩის ჯამში „პარტიზანმა“ ანგარიშით 3:0 მოიგო, რითაც ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
„დილა“ – „პარტიზანი“ 0:2 (0:3 ორი მატჩის ჯამში)
გოლები: ბრაშანაცი 37′, უმარუ 64′
„დილა“: შევჩენკო, ხურცილავა, ბაგაევი, კვახაძე (კ), ნავალოვსკი, პაპავა (კვირკვია 46′), ილურიძე (მაშუკოვი 46′), ძარია, გვალია, მოდებაძე, მარცვალაძე (ერისთავი 82′)
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
„პარტიზანი“: ჟივკო ჟივკოვიჩი, ვულიჩევიჩი, პეტროვიჩი, ბალაჟიცი, ჩირკოვიჩი, ბრაშანაცი (ილიჩი 80′), ბაბოვიჩი (კ), ანდრია ჟივკოვიჩი, ევტოვიჩი, უმარუ (შაპონიჩი 87′), ბოჟინოვი (ნინკოვიჩი 68′)
მთავარი მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი
გაფრთხილებები: მოდებაძე 18′, მარცვალაძე 68′, ნავალოვსკი 68′ – ბრაშანაცი 47′, ბალაჟიცი 60′