მოურინიო: „ანგარიშით 10:0 მოგება არ გამახარებდა“
„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ნიუ-იორკ რედ ბულზთან“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ამხანაგური მატჩი შეაფასა, რომელიც ამერიკული გუნდის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.
„კარგი სპარინგი გამოვიდა. თუ ანგარიშით 10:0 მოვიგებდით, არ გამიხარდებოდა, რადგან ადვილად გავიმარჯვებდით. სწორედ ისეთი თამაში გვჭირდებოდა, როგორიც დღეს გამოვიდა.
ცხადია, დაცვაში უკეთესად უნდა ვთამაშობდეთ. ხელიდან საკმაოდ ბევრი მომენტი გავუშვით. თუმცა ეს წინადასასეზონო მატჩია და არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჩვენ ტოპ გუნდი ვართ, რომელსაც უმაღლესი დონის შემსრულებლები ჰყავს. სეზონისთვის მზადება მხოლოდ ექვსი დღის წინ დავიწყეთ.
„ნიუ-იორკის“ ფეხბურთელები კარგი მეტოქეები გამოდგნენ, მათ მოტივაცია მოგვცეს. ვფიქრობ, „ჩელსისთან“ თამაშმა ისინი გაახარა“, – ციტირებს მოურინიოს „ჩელსის“ ოფიციალური ვებსაიტი.