გიორგი ნერგაძე: “ძალიან მიხარია ჩემს მშობლიურ ქალაქში დაბრუნება”
ათი წლის შემდეგ ქუთაისის „ტორპედოში“ გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე დაბრუნდა, რომელმაც დღეს კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
32 წლის ფეხბურთელი ქუთაისელთა გუნდის რიგებში 2003-2005 წლებში თამაშობდა. მან „ტორპედოს“ მაისურით ჩემპიონატში 66 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ნერგაძეს საქართველოს ყველა პრესტიჟული გათამაშება აქვს მოგებული – ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი მან კარიერა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაპინძელ სამხრეთ აფრიკაში გაატარა, სადაც საფეხურთო კლუბ „მოროკა სველოუზში“ 100-ზე მეტი შეხვედრა გამართა. მოროკაელებთან ერთად იგი ქვეყნის თასის მფლობელიც გახდა, თანაც ფინალში მისიანებს გოლით დაეხმარა.
„ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ ჩაკვეტაძე: „კლუბის ხელმძღვანელობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში აწარმოებდა ნერგაძესთან მოლაპარაკებებს. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში სირთულეებს ადგილი არ ჰქონია, რადგან თავად გიორგისაც დიდი სურვილი ჰქონდა ჩვენთან თანამშრომლობის. მინდა გამოვყო გულშემატკივართა წვლილიც მის დაბრუნებაში. აქედან გამომდინარე, ამ ტრანსფერს შეიძლება ვუწოდოთ – ჩვენი ტრანსფერი, რომელიც მისი მნიშვნელობით „ტორპედოსთვის“ ერთ-ერთი ბოლოა მომავალი სეზონის წინ. დიდი იმედი გვაქვს, რომ გიორგი ჩვენს გუნდს ძალიან დაეხმარება და გააძლიერებს”.
გიორგი ნერგაძე: „ძალიან მიხარია ჩემს მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და მინდა, ისევ გამოვადგე ქუთაისს. ნდობისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ხელმძღვანელობას. ვგრძნობ, რომ „ტორპედოს“ გულშემატკივრებსაც დიდი სიყვარულით აქვთ ჩემ მიმართ, რაც უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. როგორც ყველა ფეხბურთელის, ასევე ჩემი ნატვრაცაა, რომ დიდ წარმატებებს მივაღწიოთ. ვფიქრობ, „ტორპედოში“ ადაპტაცია არ გამიჭირდება, რადგან დღევანდელი გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელს უკვე ვიცნობ, მათ შორის: სომხიშვილს, ოდიკაძეს, ბაბუნაშვილს. რაც შეეხება გიორგი დარასელიას, აქამდე მასთან ერთად არ მიმუშავია, თუმცა ვიცი, რომ თავისი საქმის პროფესიონალია. ყველანი ერთად მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ“.