მიხეილ მახვილაძე „ტორპედოს“ მწვრთნელ-კონსულტანტად იმუშავებს
36 წლის ასაკში მიხეილ მახვილაძემ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და იგი „ტორპედოს“ მწვრთნელ-კონსულტანტი გახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა, რომ მახვილაძის ჩვენ მიერ მომზადებული პორტრეტი შემოგთავაზოთ.
მიხეილ მახვილაძე – სუფთა ფეხბურთის ტიტულოვანი მახვილი
ქუთაისის „ტორპედოში“ ცოტას თუ ჰქონდა ფეხბურთელის ისეთი სამაგალითო კარიერა, როგორიც მიხეილ მახვილაძეს. დავიწყოთ იქიდან, რომ იგი „ტორპედოს“ სამივე ჩემპიონობის ერთ-ერთი შემოქმედია, პლუს, ერთხელ ქვეყნის თასიც აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, იგივე ტიტულები თითოჯერ თბილისის „ლოკომოტივშიც“ მოიგო. ყურადსაღებია ისიც, რომ ქართულ უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, „ოთხასიანთა“ კლუბში შესულ ოთხ ფეხბურთელს შორისაა. ამ თამაშების თითქმის ნახევარი „ტორპედოს“ უკავშირდება. დიდებულია, როცა ასეთი მოსწრების მქონე ფეხბურთელის კარიერას პიროვნული მხარეც ალამაზებს…
ფეხბურთის თამაში ქუთაისში დაიწყო. მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და მისი აღზრდა სოფელ გეგუთში ბებიამ იტვირთა, რომლის დახმარებითაც მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლო და დასახული მიზნისკენ სვლა განაგრძო. ასე ჩამოყალიბდა დიდი სულისკვეთების მქონე პროფესიონალ ფეხბურთელად. მოედანზე მუდამ თავდადებას ამჟღავნებდა და ამხანაგურ მატჩებშიც კი თავს არ ზოგავდა, რის გამოც ყოფილა შემთხვევები, როცა მეტოქესთან ორთაბრძოლისას გონებაც დაუკარგავს. თბილისის „დინამოსთან“ საჩემპიონო მატჩში, რომელიც „ტორპედომ“ მალხაზ ასათიანის პენალტით მოიგო, იგი სიცხიანი იბრძოდა ოქროს მედლებისთვის. მისი სიძლიერე შეუმჩნეველი არც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მაშინდელ მწვრთნელს არ დარჩენია…
„მიხო“ ცხოვრებისეული ინტელექტითა და წესიერებითაც გამოირჩევა. არის ძალიან უშუალო ადამიანი, ამგვარად, მასთან საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდებათ. ცენტრალური მცველი სპორტსმენის რეჟიმისა თუ სხვა ზნეობრივი ნორმების დაცვაშიც მისათითებელი იყო.
საფეხბურთო „კულისებში“ მომხდარი ამბებიც ხშირად არ იმალება, მახვილაძე იქაც მუდამ სიმართლის სადარაჯოზე იდგა. მას ბევრჯერ გაუცრუებია იმედები იმ მავანი ადამიანებისთვის, რომელთა ინტერესები თამაშების გაყიდვაში მდგომარეობდა. იგი ამ მავნე სენს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. ასე რომ, წლების განმავლობაში ფეხბურთელ მახვილაძესაც მცირედი წვლილი შეჰქონდა ქუთაისის „ტორპედოს“ კარგი იმიჯის შექმნაში…
გვინდა, რომ მომავალი თაობის წარმომადგენლებისთვის მახვილაძისნაირი დიდი ტორპედოელები მისაბაძი იყვნენ და დაიმახსოვრონ – საქმისადმი მხოლოდ ასეთი მიდგომით შეძლებენ იმას, რომ მთელი ქალაქის სიყვარული დაიმსახურონ.
„საქართველოში ბევრ კლუბში მითამაშია, მაგრამ ჩემი მშობლიური კლუბი „ტორპედოა“, რომლისშემდეგაც მოდის „მეტალურგი“, კარიერის უდიდესი დრო სწორედ ამ გუნდებში მაქვს გატარებული“, – ეს მისი სიტყვებია და, ალბათ დამეთანხმებით, როგორც ფეხბურთელისთვის ბოლო მატჩი, მახვილაძის კარიერისსიმბოლური გვირგვინი იყო. რუსთავის „მეტალურგსა“ და „ტორპედოს“ შორის შეხვედრაში მანქუთაისელებს უკაპიტნა.
იგი ამაყად ემშვიდობება ფეხბურთელის პროფესიას, თუმცა არასდროს დაემშვიდობება ყველაზე რთულ პროფესიას, რასაც კაცობა ჰქვია.
დაბოლოს, მადლობა „ტორპედოს“ თავკაც გიორგი დარასელიას, რომელმაც მიხეილ მახვილაძეს ამაგი დაუფასა და მის გვერდით დაიყენა. მახვილაძის გამოცდილება, განათლება, ხედვა და პატიოსნება გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მისი საფეხბურთო ცხოვრება მომავალშიც წარმატებული იქნება.
FCTorpedo.GE