ქველ საქმეთა საკეთებლად
საქართველოს რაგბის კავშირის ოფისში შეიკრიბა ქართველ ვეტერან მორაგბეთა აქტივი და დაასკვნა, დროა, უკეთ დავირაზმოთ და ჩვენი სათაყვანო თამაშის წინსვლაში აქტიურად ჩავებათო.
რაგბული მოძრაობა ჩვენში 1959 წელს დაიწყო და მას შემდეგ უწყვეტად მოდის. ბოლო 15 წელია, ოვალურ’ბურთა თამაში უმაგალითოდ მაღალ დონეზე ავიდა, რაც უკლებლივ ყველა, უტეხი, მარად მოიმედე, პრობლემათა დამძლევი პლეადის დამსახურებაა.
ვეტერანებმა თავად 11 თაობა დათვალეს. მათი დაკვირვებით, უმეტესობა ერთმანეთს არც’კი იცნობს.
არადა, უმეტესობას ჭარბად აქვთ სურვილი, სახსარი, ცოდნა და გამოცდილება, რომ ქველი საქმე აკეთოს – რჩევით, პირადი კონტაქტებით, საზოგადო ცნობადობით დაეხმაროს კავშირს, კლუბებს, თამაშის უკეთ წარმოჩინებას, გაჭირვებულ თანა’მოძმეებს.
აქტივის აზრით, უპრიანი იქნება, თუ რაგბის ყოველი კერა მინიმუმ სამი, სხვადასხვა თაობის დელეგატს მოავლენს შემდგომ თათბირებზე, რათა უფრო გაცხოველდეს აზრის გაზიარება, გაჩნდეს ახალი იდეები და სამოქმედო გეგმაც დაისახოს.
კავშირი ბებერ ხარებს კვლავაც მხარში დაუდგება. მათ შესაკრებად საუკეთესო გარემო ავჭალის სტადიონის ტევადი პრეს-ცენტრია. ჰოდა, ვინც დაგაინტერესათ წამოწყებამ, გთხოვთ, შეეხმიანოთ გელა ტატიშვილს (577 777 425)
Rugby.GE