11 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ ლიცენზირებული მუსიკა გაიჟღერებს
დღეს, სფფ-ის ოფისში, UEFA-ს სუპერთასის მატჩზე მუსიკის გამოყენებისთვის საჭირო საავტორო უფლებების ლიცენზიას ხელი მოეწერა.
ლიცენზიას ხელი მოაწერეს სფფ-ის პრეზიდენტმა – ზვიად სიჭინავამ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ – გიგა კობალაძემ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეიძინა იმ მუსიკის ლიცენზია, რომელიც 11 აგვისტოს, სუპერთასის მატჩის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე გაჟღერდება. ლიცენზიის საფუძველზე, ფეხბურთის ფედერაცია მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებს კუთვნილ ჰონორარს გადაუხდის, რომელიც ადრესატამდე საავტორო უფლებათა ასოციაციის მეშვეობით მივა.
ზვიად სიჭინავა: „უეფას წარმომადგენლებს ძალიან გაუკვირდათ იმის გაგება, რომ სტადიონს მსგავსი ლიცენზია შეძენილი არ ჰქონდა. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დაგვეცვა კანონი და როგორც წესია, 11 აგვისტოს, სტადიონზე გაჟღერებული ყველა მუსიკა იქნება ლიცენზირებული. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ერთეული შემთხვევა არ იქნება და ჩვენ ვეცდებით, სამომავლოდ, ჩვენს სტადიონებზე ეს პრაქტიკა დავამკვიდროთ.“
გიგა კობალაძე: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ძალიან კარგი და სწორი ნაბიჯი გადადგა, რისთვისაც მე მადლობას ვუხდი ბატონ ზვიადს. დიახ, 11 აგვისტოს მატჩზე, ყველაფერი წესისა და კანონის მიხედვით იქნება. საავტორო უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთის ფედერაცია მუსიკის ავტორებს ჰონორარს გადაუხდის, რომელსაც შემდეგ ჩვენი ასოციაცია მიიტანს ადრესატებამდე.“
სფფ-ის პრესსამსახური