WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (263611) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,38,57,2415,28159,28160,28161) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ალექსი შევჩენკო: „მინდა, საქართველოს ჩემპიონი გავხდე“

თარიღი: ივლისი 29, 2015

გორის „დილამ“ ახალი სეზონისთვის ალექსი შევჩენკო კიევის „დინამოდან“ არენდით აიყვანა და არც შემცდარა, რადგან უკრაინელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ახალგაზრდა მეკარე 1992 წლის 24 თებერვალს უკრაინის ქალაქ დნიპროპეტროვსკში დაიბადა. ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა გორის „დილაში“ უკვე მოახერხა ორი სერიოზული თამაშის სრულფასოვნად ჩატარება.

გორის „დილას“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ალექსი შევჩენკოსთან ინტერვიუ ჩაწერა.

— გთხოვთ გვიამბეთ თქვენ შესახებ, სად და როგორ დაიწყეთ საფეხბურთო კარიერა?
— საფეხბურთო კარიერა ქალაქ დნიპროპეტროვსკში ს.კ. „ინტერში“ დავიწყე. 15 წლის ასაკში ზაპოროჟიას „მეტალურგთან“ გავაფორმე კონტრაქტი, ჯერ მეორე გუნდში გამოვდიოდი შემდეგ კი პირველ გუნდშიც დავიწყე თამაში.
ამის შემდეგ უკვე კიევის „დინამოში“ მოვხვდი, საიდანაც ქუთაისის „ტორპედოში“ გადავედი, ბოლოს კი თქვენთან გორის „დილაში“ წამოვედი სათამაშოდ.

— რატომ გადაწყვიტყეთ უკრაინის ჩემპიონატიდან საქართველოში გადმოსვლა?
— მე კვლავ კიევის „დინამოს“ ვეკუთვნი, მაგრამ იქ საკმაოდ მრავლად იყვნენ მეკარეები და სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად მქონდა. შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ შემომთავაზა კონტრაქტი და როგორც ამბობენ, იქ ცუდად არ მითამაშია. ალბათ, ამიტომაც გორის „დილა“ დაინტერესდა ჩემით და არენდით ამიყვანა.

— რას ფიქრობთ ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობებსა და სათამაშო სტილზე?
— გახსნილ შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. თამაშს არ კეტავენ და ტექნიკური სტილის ფეხბურთელები თამაშობენ. პოტენციალი არის მოთამაშეებში და მთავარია, სწორად განვითარდნენ.

— გვერდს ვერ ავუვლით ბელგრადის „პარტიზანთან“ გამართულ ორრაუნდიან დაპირისპირებას. აქამდე თუ გქონიათ მსგავსი მასშტაბის მატჩში მონაწილეობის გამოცდილება?
— მე არ მქონია იმის შესაძლებლობა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიმეღო მონაწილეობა. ეს ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. ძალიან დიდი ემოციები მივიღე და ძალიან მომეწონა ეს შეგრძნება. სწორედ ამიტომ ღირს ფეხბურთის თამაში.
სამწუხაროდ, გორში ძალიან ცხელოდა და ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ამან შეგვიშალა ხელი თამაშის სწორად წარმართვაში.

— როგორი ატმოსფეროა გორის „დილაში“ და როგორ მიდის შენი გუნდთან ადაპტაციის პერიოდი?
— შეკრების პირველივე დღეებში ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ადაპტაცია სწრაფად გამევლო. ირაკლი მოდებაძესთან და დათო კვირკველიასთან ერთად „ზაპოროჟიაშიც“ ვთამაშობდი და ისინიც ძალიან დამეხმარნენ. საერთო ენა სწრაფად გამოვნახე და ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბე.

— გვიამბეთ „დილასთან“ მიმართებაში თქვენი გეგმების შესახებ.
— რა თქმა უნდა, მინდა, საქართველოს ჩემპიონი გავხდე და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით ვიასპარეზო.

— რას ფიქრობთ ახალგაზრდა მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის შესახებ?
— ძალიან კარგი მწვრთნელია, ფეხბურთელებიც ძალიან აფასებენ. ახალგაზრდა იმედისმომცემი ტრენერია და გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება, დიდ წარმატებებსაც მიაღწიოს. მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

— როგორ შეაფასებდით „დილა“-„პარტიზანს“ შორის გამართულ შეხვედრებს?
— პირველ რიგში, ასეთი დონის თამაშიდან ყველამ დიდი გამოცდილება მივიღეთ. ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც „პარტიზანია“, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებაა. თუმცა, შედეგი რაც დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, მისაღები არ იყო. ვფიქრობ, საჭირო გამოცდილება მივიღეთ და მომავალში ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

— თქვენ უკვე იცნობთ საქართველოს ჩემპიონატს: რა პრობლემებს ხედავთ ჩემპიონატში და რის გამოსწორებას ისურვებდით?
— მე ამ თემასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან მეც ვუშვებ შეცდომებს და ეს პრობლემები ჩემი გამოსასწორებელია. მე ჩემ თავზე მაქვს სამუშაო და ამიტომ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.

— მომავალში გორის „დილასთან“ ერთად რას გეგმავთ?
— არ ვიცი, რა მოხდება, რადგან ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩემი კონტრაქტი კიევის „დინამოსთან“ არის დაკავშირებული და როგორც ისინი გადაწყვეტენ, ისე იქნება.

— და ბოლოს, საქართველოს შესახებ რას გვეტყვით. როგორ მოგწონთ ქვეყანა და რითი მოიხიბლეთ ყველაზე მეტად.
— რა პერიოდიც აქ ვიმყოფები, უკვე ძალიან ბევრი რამით მოვიხიბლე, ამიტომ მიჭირს რამის გამორჩევა. ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. საჭმელიც უბრალოდ ძალიან გემრიელია და როცა ქუთაისში ჩავედი, მაშინვე წონაში მოვიმატე, ისე მომეწონა თქვენი სამზარეულო. ალბათ, კიდევ ბევრ რამეს აღმოვაჩენ.

“დილას” პრესსამსახური

 



მსგავსი სიახლეები