მიშელ პლატინი ფიფას პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
უეფას მოქმედი ხელმძღვანელი მიშელ პლატინი ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ფრანგმა ფუნქციონერმა თავადვე განაცხადა.
“შეგნებული, კარგად გააზრებული გადაწყვეტილება მივიღე. დგება მომენტი, როდესაც სადავეები ხელში უნდა აიღო. სწორედ ეს გარდამტეხი დრო დგას ჩემს ცხოვრებაში.
გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ფიფას მხოლოდ ორი პრეზიდენტი ჰყავდა. ეს გასაოცარი და პარადოქსულიც კია, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიო რადიკალურ ცვლილებებს განიცდის და სპორტშიც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები მოხდა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვიბიძგა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ისტორიის ახალი გვერდი დავწეროთ და ფიფას მართვის პრინციპებს გადავხედოთ.
თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. იმედია, ერთად შევძლებთ, რომ ათობით მილიონ გულშემატკივარს ისეთი ფიფა ვაჩუქოთ, როგორიც სურს – სამაგალითო, ერთიანი, სოლიდარული ფიფა, რომელიც იქნება პატივსაცემი და ხალხისგან მოწონებული”, – ციტირებს პლატინის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
პლატინის გარდა ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის, სავარაუდოდ, იბრძოლებენ: ყოფილი ფეხბურთელები ზიკო და დიეგო მარადონა, ლიბერიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი მუსა ბილიტი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი და ფიფას საპატიო ვიცე-პრეზიდენტი ჩონ მონჯუნი.
ფიფას პრეზიდენტობის მსურველებმა განაცხადი 2015 წლის 26 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ. ფიფას ახალ პრეზიდენტს 2016 წლის 26 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში აირჩევენ.