პლატინიმ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პირველად სიჭინავას ამცნო
დღეს უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ფიფას დამდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
TV Sport-ის ცნობით, ფრანგმა ფუნქციონერმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას წერილი გამოუგზავნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პლატინიმ ფიფას საპრეზიდენტო პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირველად სწორედ სიჭინავას აცნობა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სწორედ მას დაუჭერს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პლატინის დაუდასტურა, რომ არჩევნებზე მხარს მხოლოდ პლატინის კანდიდატურას დაუჭერს.
სფფ-ის პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ ისაუბრა.
“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პლატინი წერს, პირველები ხართ თქვენ, ვისაც მინდა, ვაცნობო, რომ მე გადავწყვიტე ფიფას პრეზიდენტობა. ეს ადამიანი აფასებს ჩვენს ფედერაციას, ჩვენს ქვეყანას, გვერდში გვიდგას და ჩვენგანაც უნდა გვერდში დგომა.
ვთვლით, რომ ეს არის ყველაზე ღირსეული ადამიანი ფეხბურთში, რომელიც უნდა იყოს ფიფას სათავეში.
სანამ მე ვარ პრეზიდენტი, სხვა კანდიდატურა არც განიხილება, ვინაიდან მიშელ პლატინიმ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის: სუპერთასი, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2017 წელს, აკადემიის გახსნა და სხვადასხვა პროექტები”, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ TV Sport-ის ეთერში.