კალათბურთი: ქართველი ვაჟები იტალიელებთან დამარცხდნენ
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკალათბურთო ტურნირის ეგიდით გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა. “სკუადრა აძურა” მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს, საქართველო კი მეშვიდე პოზიციისთვის მატჩს ითამაშებს.
შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველი კალათბურთელების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, ანგარიშით 33:29 დასრულდა. მეორე ტაიმში იტალიელები გააქტიურდნენ და გაცილებით ეფექტიანადაც მოქმედებდნენ. ქართველმა კალათბურთელებმა მესამე მეოთხედში მხოლოდ 9 ქულის დაგროვება შეძლეს, როცა იტალიელთა აქტივში პლუს 16 ქულა იყო. მეოთხე პერიოდში ტურნირის მასპინძლებმა სიტუაციის გამოსწორება სცადეს, თუმცა ბევრი იყო წუნი გადამწყვეტ მომენტში. ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი ბიწაძე იყო, რომელმაც გუნდს 26 ქულა მოუტანა.
საბოლოოდ, იტალიის ნაკრებმა ანგარიშით 66:58 იმარჯვა და როგორც მოგახსენეთ, ხვალ მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს, სადაც თურქეთი-სერბეთის მატჩში გამარჯვებულ გუნდს დაუპირისპირდება. ამავე შეხვედრაში დამარცხებული ხვალ, დილის 09:30 საქართველოს მეშვიდე ადგილისთვის ეთამაშება.