უეფამ შოთა არველაძე თურქეთის საუკეთესო ლეგიონერთა ათეულში შეიყვანა
თურქეთის სუპერლიგაში რობინ ვან პერსის, ლუკას პოდოლსკისა და სამუელ ეტოოს გადასვლის შემდეგ უეფას ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტებმა გადაწყვიტეს, ადგილობრივი ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერების ათეული შეედგინათ. ამ სიაში “ტრაბზონსფორის” ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად გუნდის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეც მოხვდა, რომლის შესახებაც წერია:
“შავიზღვისპირულ კლუბში გადმოსვლამდე მასზე ცოტა რამ თუ იყო ცნობილი, თუმცა მალევე გამოავლინა ნიჭი და გოლების გატანაც დაიწყო. 1995 წელს მოიგო თურქეთის თასი, 1995/96 წლების სეზონში კი 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ისტორიაში მეორე უცხოელი ბომბარდირი გახდა”.
შოთა არველაძის გარდა თურქეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერთა სიაში მოხვდნენ: გეორგე ჰაჯი (“გალათასარაი”/რუმინეთი, 1996–2001); ალექსი (“ფენერბაჰჩე”/ბრაზილია, 2004–12); გეორგე პოპესკუ (“გალათასარაი”/რუმინეთი, 1997–2001); დიეგო ლუგანო (“ფენერბაჰჩე”/ურუგვაი, 2006–11); დიდიე დროგბა (“გალათასარაი”/კოტ დივუარი, 2012–14); ტომაშ სივოკი (“ბეშიქთაში”/ჩეხეთი, 2008–15); პიერ ვან ჰოიდონკი (“ფენერბაჰჩე”/ჰოლანდია, 2003–05); მარიო ჟარდელი (“გალათასარაი”/ბრაზილია, 2000-01); კლაუდიო ტაფარელი (“გალათასარაი”/ბრაზილია, 1998–2001).