ბორჯღალოსნები შეკრებას პოლონეთში განაგრძობენ
ბოჯღალოსნებმა მსოფლიო თასისთვის მზადების მეორე ფაზის პირველი ნაწილი – თბილისური შეკრება დაასრულეს. დღეს, დილის 5 საათზე ნაკრები პოლონეთში გაემგზავრა, სადაც 15 აგვისტომდე სპეციალური კრიო თერაპიის დახმარებით განაგრძობს ფიზ-მომზადებაზე ორიენტირებულ შეკრებას.
15 აგვისტოს ჩვენი გუნდი საქართველოში დაბრუნდება, სადაც მოთამაშეები ერთ კვირას დაისვენებენ და უკვე 24 აგვისტოს გაემგზავრებიან ინგლისში. აქ გუნდი უკვე მზადების მესამე, დამაგვირგვინებელ ეტაპს დაიწყებს. ამ პერიოდის განმავლობაში ბორჯღალოსნები მთლიანად რაგბზე ორიენტირებულ ვარჯიშებზე გადავლენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასამდე ბორჯღალოსნები ინგლისში სამ საკონტროლო მატჩს გამართავენ: 28 აგვისტოს, ინგლისური ‘ავივა პრემიერშიპის’ კლუბ ‘ნიუკასლ ფალკონზის’ წინააღმდეგ; 2 სექტემბერს კანადის და 5 სექტემბერს იაპონიის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ.
მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 სექტემბერს გლოსთერში, ქინგჰოლმ სთედიუმზე ტონგას წინააღმდეგ, ჩვენი დროით 15:00 საათზე გამართავს.
Rugby.GE