“მანჩესტერ იუნაიტედს” ახალი შვიდიანი ჰყავს (ფოტო)
“მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად გამოაცხადა, თუ ვინ რა ნომრით ითამაშებს 2015/16 წლების სეზონში.
ანხელ დი მარიას “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის შემდეგ ვაკანტური მე-7 ნომერი ჰოლანდიელ ნახევარმცველ მემფის დეპაის გადაეცა.
7-ნომრიანი მაისურით “მანჩესტერ იუნაიტედში” ისეთ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა, დევიდ ბექჰემი და კრიშტიანუ რონალდუ.
ფრანგმა ნახევარმცველმა მორგან შნაიდერლინმა 28-ე ნომერი აირჩია. გერმანელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა კი 31-ნომრიანი მაისური ისურვა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ნომრით თამაშობდა იგი მიუნხენის “ბაიერნში”. მარჯვენაფლანგელი იტალიელი მცველი მატეო დარმიანი კი 36-ე ნომრით ითამაშებს. მარცხენაფლანგელმა მცველმა ლიუკ შოუმ მე-3 ნომერი 23 ნომრით შეცვალა. ნომერი შეიცვალა ბელგიელმა ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმაც, რომელიც 31-ე ნომრის ნაცვლად 27-ე ნომრით ითამაშებს.
ახალგაზრდა თავდამსხმელმა ჯეიმს უილსონმა მე-19 ნომერი აირჩია.