თბილისში ისტორიული მატჩი რეკორდული ანგარიშით დასრულდა!
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის მეტად დაძაბული შეხვედრა დამატებით დროში კატალონიელთა გამარჯვებით, 5:4 დასრულდა.
უკვე მესამე წუთზე მასკერანოს მხრიდან ხოსე ანტონიო რეიესის წაქცევისთვის მსაჯმა „ბარსელონას“ კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დანიშნა. ნიშნულთან თავად დაზარალებული და მისი თანაგუნდელი ევერ ბანეგა მივიდნენ, საბოლოოდ, უკანასკნელმა დაარტყა, რომელმაც ტერ შტეგენი უშანსოდ დატოვა – 0:1. სამ წუთში მსაჯს ანალოგიური ჯარიმის დანიშვნა მოუწია – ამჯერად უკვე „სევილიას“ კარის მიმართლებით. 19 მეტრიდან მესის ბანეგას მსგავსად ზუსტად და ლამაზად დარტყმა არ გაუჭირდა – 1:1. ორ წუთში მარცხენა ფლანგიდან რაკიტიჩმა ბურთი რაფინიას მიმართულებით ჩაააწოდა, თუმცა უკანასკნელი ბურთს ვერ მიწვდა. მე-15 წუთზე ბანეგამ რაკიტიჩი წააქცია, მსაჯთან კამათისთვის მატჩში პირველი ყვითელი ბარათი შტრიხოვიაკმა მიიღო. წერტილთან კვლავ მესი მივიდა, რომელსაც შედარებით შორი მანძილის მიუხედავად მორიგი ზუსტი ჯარიმის შესრულება არ გასჭირვებია – „ბარსელონა“ მე-16 წუთისთვის უკვე დაწინაურდა. 28-ე სუარესმა გოლი გაიტანა, თუმცა გვარდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 31-ე წუთზე დანი ალვესმა ნახევარი მოედანი გაირბინა და მეტოქის კარს შორიდან დაუმიზნა, მეკარე ბეტო ბურთს ადვილად დაეუფლა. ერთ წუთში რაკიტიჩს გოლის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა. 41-ე წუთზე „სევილიას“ გოლის გატანა შეეძლო, თუმცა „ბარსას“ მცველებმა საჯარიმოში მეტოქეს აჯობეს და დარტყმის საშალება არ მისცეს. სამ წუთში სუარესი ფლანგიდან დაიძრა და ბეტოსთან პირისპირ გავიდა, თუმცა მეკარემ ბურთი მოიგერია, დამატებაზე ურუგვაელმა რაფინია ჩინებული პასით მოამარაგა და ანგარიში 3:1 გახდა.
მეორე ტაიმის მეშვიდე წუთზე გოლი თვითონ სუარესმაც გაიტანა – პედრომ მცველის შეცდომით ისარგებლა და ურუგვაელს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. ხუთ წუთში ხოსე ანტონიო რეისმა ფლანგიდან ჩაწოდებული გამოიყენა და ანგარიშში სხვაობა ორამდე შეამცირა. 72-ე წუთზე „ბარსას“ კარის მიმართლებით დანიშნული პენალტი კევინ გამეირომ ზუსტად შეასრულა – 4:3. დარჩენილ დროში „სევილიას“ ანგარიშის გათანაბრების შანსი გაუჩნდა. 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ჩირო იმობილემ მეტოქის საჯარიმოში ასევე შეცვლაზე შესულ ევგენი კონოპლიანკას პასი გაუკეთა, უკრაინელს კი გოლის გატანა არ გაუჭირდა, ანგარიში გათანაბრდა, მატჩი დაატებით დროში გადავიდა.
პირველ თხუთმეტ წუთში ანგარიში უცვლელი დარჩა, მეორე დამატებით ტაიმში კი მოედანზე ნამდვილი დრამა დაიდგა. 115-ე წუთზე ლიონელ მესის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ბურთი კედელში მდგომ „სევილიას“ ერთ-ერთ ფეხბურთელს ხელზე მოხვდა, თუმცა ბურთი „ბარსას“ დარჩა, პირველ დამატების შემდეგ დარტმული ბეტომ მოიგერია. კატალონიელთათვის საბედნიეროდ იქვე პედრო აღმოჩნდა – 5:4, „ბარსამ“ გოლი ტრიბუნებზე გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა.
დარჩენილ დროში „სევილიას“ გოლის გატანის ორი ძალიან კარგი შანსი ჰქონდა. ჯერ კოკეს თავური დარტყმა ტერ შტეგენის კარს სულ მცირე მანძილის ასცდა, შემდეგ კი, მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე, მეტოქის კართან ახლოს მყოფმა ადილ რამიმ ბურთი „ბარსას“ კარს სასწაულებრივად ააცილა…
საბოლოოდ, 5:4 და დრამატულ და მეტად საინტესო მატჩში გამარჯვება „ბარსამ“ იზეიმა!