“იუვენტუსმა” სნეიდერის მიმართ ინტერესი განაახლა
შესაძლოა, გამოცდილმა ჰოლანდიელმა “ბებერი ქალბატონის” შემადგენლობაში დაიკავოს ადგილი, იმ შემთხვევაში, თუ კლუბი სხვა ალტერნატივას ვერ მოძებნის.
მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია, რაც “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ანდრეა პირლოს შემცვლელის ძიებაშია, მას შემდეგ, რაც იტალიელი ნახევარმცველი კარიერის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.
ტურინელთა ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა: “შალკემ” იულიან დრაქსლერის გაშვება არ ისურვა, მიუნხენის “ბაიერნი” მარიო გიოტცეს ვერ ელევა, ხოლო სხვა ფეხბურთელები, რომლებიც მასიმილიანო ალეგრის ინტერესებში შედიან, მაგალითად, ოსკარი და კრისტიან ერიქსენი – ძვირი ჯდება.
აქედან გამომდინარე, Sport Mediaset იტყობინება, რომ “იუვენტუსმა” უესლი სნეიდერის მიმართ ადრე არსებული ინტერესი განაახლა. იმის გათვალისწინებით, რომ ჰოლანდიელ ნახევარმცველს “გალათასარაის” ხელმძღვანელობასთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, ტურინელებს კარგი შანსი აქვთ, სნეიდერი რაც შეიძლება დაბალ ფასად ჩაიგდონ ხელში.