ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
შევარდენზე, საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ერიკა კვაპილოვამ, მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე, ბორჯღალოსნებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლებია მორაგბეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად“(UNiTE) უცხადებენ.
პრესკონფერენციას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ესწრებოდნენ.
გიორგი ნიჟარაძე: „ის, რის წინააღმდეგაც ჩვენ ერთად ვიბრძვით უბრალოდ არ შეიძლება, რომ საქართველოში არსებობდეს. მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენზე დამოკიდებულს ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც საიმისოდ, რომ ერთობლივი ძალებით ეს ბოროტება აღმოიფხვრას, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში. ასე, რომ მზად ვართ ნებისმიერი ახალი წამოწყებისთვის და რაც მთავარია, ამას გავაკეთებთ გულით. ეს ფაქტი იმდენად ეწინააღმდეგება ქართველების კულტურას, ოჯახზე დაფუძნებულ საზოგადოებას, ქალისადმი პატივისცემის ტრადიციებს, რომელიც ყველაფერშია ასახული საქართველოში, რომ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიმახინჯე დამთავრდეს. ჩვენთვის უდიდესი პატივი და სიამოვნება იყო ამ ხნის განმავლობაში თქვენთან თანამშრომლობა და დიდი მადლობა იმისთვის, რომ კვლავ მოგვეცემა საშუალება მსგავს კამპანიებში მივიღოთ მონაწილეობა.“
მილტონ ჰეიგი: „დიდი მადლობა იმისათვის, რომ მოგვეცა ამ კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. მე უკვე მე-4 წელია საქართველოში ვიმყოფები და როგორც მთელი გუნდი, ისე მენეჯმენტი დიდი სიამაყით ვიღებთ მსგავს შემოთავაზებებს. ჩვენ ვართ მორაგბეები, ვართ ქმრები, ძმები, მამები და მსგავსი აქტივობები ძალიან ახლოს არის ჩვენს გულებთან. მადლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რომელიც ასეთი წარმატებით ახორციელებს ამ პროექტს. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ აქ ვთამაშობთ, თუ საზღვარგარეთ, ჩვენ ყოველთვის გვერდით ვუდგავართ ამ ინიციატივებს და კვლავაც განვაგრძობთ თანამშრომლობასა და თანადგომას.“
ერიკა კვაპილოვა (საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი): “საქართველოს რაგბის კავშირს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოში ქალების, გოგონების და, აგრეთვე, ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების საქმეში. უკანასკნელ წლებში საზოგადოებრივი დამოკიდებულება ამ ფენომენის მიმართ შეიცვალა და დღეს ასეთი ტიპის ძალადობა უფრო მიუღებელი გახდა. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მორაგბეებს მათი ძალისხმევისთვის. გვჯერა, რომ რაგბს, ზოგადად სპორტს, შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოში ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობაში ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული თანასწორობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლის საქმეში.“
ერიკა კვაპილოვამ ბორჯღალოსნებს საჩუქრად გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად“ ლოგოტიპიანი სპორტული ატრიბუტიკა გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ბოჯღალოსნები აღნიშნულ კამპანიაში 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობენ და პროექტის ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ქართველმა მორაგბეებმა არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს.
Rugby.GE