“ბარსელონამ” თვალი მარტიალს დაადგა
არაა გამორიცხული, ახალგაზრდა პერსპექტიული ფრანგი ფეხბურთელი “ნოუ კამპზე” გადაბარგდეს.
ესპანური რადიოსადგურის Cadena Ser-ის თანახმად, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის შეტევის გაძლიერების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. ამჯერად კატალონიელებმა ყურადღება “მონაკოს” 19 წლის ფეხბურთელზე, ენტონი მარტიალზე გაამახვილეს, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ვალენსიას” წინააღმდეგ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.
როგორც ცნობილია, მონაკოელები მზად არიან, მარტიალი, რომლის შეძენაც ადრე ლონდონის “ტოტენჰემს” სურდა, ოცი მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვან.
შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ “ბლაუგრანამ” პედრო როდრიგესი “ჩელსიში” გაუშვა. მას შემდეგ, პრესა კატალონიურ გრანდს აქტიურად უკავშირებს ნოლიტოსა და ანდრეი იარმოლენკოს სახელებს.