“იუვენტუსი” ნასრის გაიფორმებს?
ტურინელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დედლაინზე აქტიურობას გეგმავენ.
მას შემდეგ, რაც “იუვენტუსის” შემადგენლობა არტურო ვიდალმა და ანდრეა პირლომ დატოვეს, გუნდის ნახევარდაცვას გაძლიერება ესაჭიროება.
ისკოს, იულიან დრაქსლერისა და ერნანესის თაობაზე წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ტურინელებმა ყურადღება ნისლიან ალბიონზე გაამახვილეს. მოგეხსენებათ, “მანჩესტერ სიტიმ” გუშინ კევინ დე ბრუინი გაიფორმა, რის შემდეგაც სამირ ნასრის მომავალი “ეტიჰადზე” კითხვნის ნიშნის ქვეშ დგება. ამ ფაქტით კი იტალიის მოქმედი ჩემპიონები დაინტერესდნენ.
28 წლის ფრანგი შემტევი ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი “ქალაქელებთან” 2019 წლის ზაფხულში იწურება. მოსალოდნელია, რომ მანჩესტერელები ნასრის სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაშვების წინააღმდეგნი არ იქნებიან.
შეგახსენებთ, ნასრი “სიტის” შემადგენლობას 2011 წელს ლონდონის “არსენალიდან” შეუერთდა. ამ დროიდან მოყოლებული, მან პრემიერ ლიგის ეგიდით 116 მატჩის ჩატარება მოასწრო და მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო.