მილთონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების 31 კაციანი სატურნირო რაზმი დაასახელა
2015 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე სულ რაღაც 17 დღე რჩება. 18 სექტემბერს მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმი ინგლისისა და ფიჯის მატჩით გაიხსნება, რომელიც ინგლისური რაგბის სახლად წოდებულ ‘თქვიქენჰემზე’ გაიმართება.
საქართველო მსოფლიო სარაგბო ხორუმში 19 სექტემბერს, ტონგასთან ძალზე პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩით ჩაებმება. ჩვენი გუნდი ‘ც’ ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ტონგას გარდა არგენტინას, მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას და ნამიბიას ეთამაშება. განრიგი სრულად >>>
მზადების საწყისი ორი ფაზა
2015 წლის მსოფლიო თასისთვის მზადება ნაკრებმა წელიწად ნახევრის წინ დაიწყო, ხოლო უშუალოდ სატურნირო შეკრებებს ივნისის ბოლოს, წლევანდელი თბილისის თასის დასრულების შემდეგ შეუდგა.
ამ პერიოდის განმავლობაში ბორჯღალოსნებმა მზადების ორი ფაზა გაიარეს. პირველი ეტაპი სამ კვირიან ფიზ-მომზადებაზე ორიენტირებულ შეკრებას მოიცავდა, რომელიც შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართა. ბიჭებს ყოველდღიურად არაერთი დამღლელი ვარჯიშის შესრულება უწევდათ, ხოლო ამ პროცესს ინგლისის ნაკრების ყოფილი ფიზ-მომზადების მწვრთნელი ქელვინ მორისი, ბორჯღალოსნების სხვა ფიტნეს მწვრთნელებთან ერთად ხელმძღვანელობდა.
ფაზის დასრულების შემდეგ ნაკრებმა ერთი კვირა დაისვენა და მეორე ეტაპისთვის ჯერ შევარდენს დაუბრუნდა, ხოლო მოგვიანებით გუნდი პოლონეთში, ‘ცეტნიევოს ოლიმპიურ ბაზაზე’ გაემგზავრა. აქ უკვე წრთობის კურსი კრიოთერაპიის თანხლებით მიმდინარეობდა – ბორჯღალოსნებს ყოველი ვარჯიშის შემდეგ 2–3 წუთიანი პროცედურა სპეციალურ კრიო–კამერებში უტარდებოდათ, სადაც ტემპერატურა მინუს 120 გრადუსია, და ამით ძალთა აღდგენა ჩქარდებოდა.
მესამე, დამაგვირგვინებელი ფაზა
24 აგვისტოს ბორჯღალოსნები ინგლისში გაემგზავრნენ, სადაც გუნდი მზადების მესამე ფაზას ‘სარის სპორტულ ცენტრში’ შეუდგა. ეს ეტაპი მთლიანად სარაგბო კომპონენტებს, ტექნიკას და ტაქტიკას დაეთმობა. ინგლისში სამწვრთნელო შტაბს სამი საკონტროლო (მსოფლიომდე გასახურებელი) მატჩი ჰქონდა დაგეგმილი. პირველი შეხვედრა 28 აგვისტოს, ინგლისის ‘ავივა პრემიერშიპის’ ‘ნიუქასლ ფალკონზსთან’ შედგა, რომელშიც მასპინძლებმა 27:7 გაიმარჯვეს.
მეორე საკონტროლო მატჩი ხვალ, 2 სექტემბერს ეშერში კანადის წინააღმდეგ გაიმართება (დას.22:45 სთ), ხოლო მესამე რკენაში ბორჯღალოსნები იაპონიას 5 სექტემბერს, გლოსთერში ‘ქინგსჰოლ სთედიუმზე’ შეხვდებიან (დას.19:45 სთ).
კონკურენტუნარიანი გუნდის მშენებლობა
წინ 2015 წლის მსოფლიო თასია – ტურნირი, რომელსაც 4 წლის განმავლობაში ველოდით. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მიზანს ჯგუფში ორი მატჩის მოგება წარმოადგენს, რომლის შემთხვევაშიც ავტომატურად მივიღებთ 2019 წლის მსოფლიოს საგზურს.
ამ მიზნის მისაღწევად ბორჯღალოსნებმა, სამწვრთნელო შტაბმა, სტაფმა და მენეჯმენტმა მზადების გრძელი, ხანგძლივი და დამღლელი გზა გავლეს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ამ პერიოდის განმავლობაში მწვრთნელები არც ექსპერიმენტებს შეუშინდნენ და ბევრი ახალბედა მორაგბეც გამოსცადეს. საბოლოოდ კი ჩამოაყალიბეს ის 31 კაციანი რაზმი, რომელიც მსოფლიო თასზე იასპარეზებს. აქვე გაცნობებთ, რომ ბორჯღალოსნებს მამუკა გორგოძე(ტულონი, ტოპ 14, საფ) უკაპიტნებს, ხოლო ვიცე-კაპიტანილაშა ხმალაძე (ლელო სარასენს, დიდი 10, საქ.) იქნება.
აღსანიშნავია, რომ სატურნირო შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ბურჯი ზურაბ ჟვანია(სტად ფრანსე, ტოპ 14, საფ.) და შუამარბი გიორგი ტალახაძე (ლელო სარასენს, დიდი 10, საქ.), მაგრამ ნიუქსლთან საკონტროლო შეხვედრაში ჟვანიამ იდაყვის, ხოლო ტალახაძემ საზარდულის ტრავმები მიიღეს. თავიდან სამედიცინო შტაბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ მატჩიდან მესამე დღეს მიღებული საბოლოო დასკვნით დადგინდა, რომ ისინი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდნენ. მათ ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა შერკინების კვაჭ, სიმონ მაისურაძეს (ვალანსი, ფედერალ 1, საფ.) და გარემარბ მურაზგიორგაძეს (არმაზი, დიდი 10, საქ.) უხმო.
მილთონ ჰეიგი:
„მსოფლიოზე გავალთ კონკურენტუნარიანი გუნდით, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დავიწყეთ. გუნდის სასელექციო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ იმ 31 მოთამაშეზე ჩამოვყალიბდით, რომლებიც ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.
„მოლოდინისამებრ, გუნდი გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მერაბ კვირიკაშვილისთვის და გიორგი ჩხაიძისთვის ეს ზედიზედ მე-4 მსოფლიო თასი იქნება.
„რაზმის სელექციისას ძალიან დიდხანს და ინტენსიურად ვბჭობდით. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, თითოეულ პოზიციაზე კონკურენცია და შეცვლების დიდი სიღრმეები გვაქვს, გუნდში ზოგიერთი ძალიან კარგი მორაგბე ვერ მოხვდა. თუმცა, ისევე, როგორც ყველა დანარჩენმა მწვრთნელმა რაზმის დასახელებისას განაცხადა – მოთამაშეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ჩვენთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ და ტრავმის შემთხვევაში შესაძლოა ძალიან დიდი როლის შესრულება მოუწიოთ.
„როგორც ადრე არაერთხელ განვაცხადეთ, დიდხნიანი, დამღლელი მზადებისა და სელექციის მიზანს წარმოადგენდა ‘მსოფლიოზე ყველაზე კარგად მომზადებული საქართველოს ნაკრებით წარდგენა’ და ვფიქრობ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ.“
ბორჯღალოსნების რაზმი 2015 წლის მსოფლიო თასზე
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | მონლიუსონ [სფრ ფედ 1] | 1983 | 84 | 12ლ 108გ 119ჯ 3ა [642ქ] 3სბ |
15 | ბექა წიკლაური | ლოკომოტივი [საქ] | 1989 | 20 | 2ლ 11გ 15ჯ 2ა [83ქ] |
15 | გიორგი აფციაური | ქუთაისის აია [საქ] | 1994 | 8 | : |
14/11 | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ] | 1987 | 48 | 5ლ 2სბ |
14/12 | თამაზ მჭედლიძე | აჟენ [სფრ პრო დ2] | 1993 | 29 | 4ლ |
14/11 | მურაზ გიორგაძე | არმაზი [საქ] | 1994 | 6 | ლ |
14/11 | გიორგი ფრუიძე | ქუთაისის აია [საქ] | 1994 | 3 | : |
13/12 | დავით კაჭარავა | ენისეი კრასნოიარსკ [რუს] | 1985 | 81 | 17ლ [4 კაპ] სბ |
13/12 | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 34 | 7ლ [1 კაპ] |
10 | ლაშა მალაღურაძე | ბანიერ [სფრ ფედ 1] | 1986 | 56 | 3ლ 27გ 22ჯ 3ა [144ქ] 2სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ] | 1988 |
38 |
5ლ 4გ [33ქ] |
9 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ] | 1986 | 34 | 2სბ |
9 | ვაჟა ხუციშვილი | რუსთავის ხარები [საქ] | 1993 | 19 | : |
9 | ვასილ ლობჟანიძე | არმაზი [საქ] | 1996 | 5 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 26 | ლ სბ |
1 | კახა ასიეშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 10 | ლ |
2 | სიმონ მაისურაძე | ვალანს [სფრ ფედ 1] | 1986 | 32 | სბ |
2 | შალვა მამუკაშვილი | სეილ შარქს [ინგ პრემ] | 1990 | 29 | 3ლ |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ] | 1987 | 27 | ლ |
3 | დავით ზირაქაშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1983 | 48 | 9ლ [1 კაპ] 3სბ |
3 | დუდუ ქუბრიაშვილი | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1986 | 39 |
2ლ წბ სბ |
3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 23 | 3ლ |
4/8 | გიორგი ჩხაიძე | ლილ [სფრ ფედ 1] | 1981 | 83 | 10ლ [1 კაპ] 6სბ |
4/5 | ლევან დათუნაშვილი | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1983 | 69 | 3ლ [3 კაპ] 6სბ |
4/5 | გიორგი ნემსაძე | ტარბ [სფრ პრო დ2] | 1984 |
49 |
9ლ 3სბ |
4/5 | კოტე მიქაუტაძე | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 34 | 2ლ 2სბ |
7/8 | მამუკა გორგოძე | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1984 | 59 | 24ლ [2 კაპ] 4სბ |
6/7 | შალვა სუთიაშვილი | მასი [სფრ პრო დ2] | 1984 | 48 | ლ [7 კაპ] 3სბ |
6/7 | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 31 | 3ლ [1 კაპ] 2წბ 4სბ |
6/7 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ] | 1991 | 20 | ლ სბ |
8 | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 12 | 2ლ სბ |
1/09 @ 12.40
Rugby.Ge