“ჩელსი” და “იუვენტუსი” პოგბას ტრანსფერზე შეთანხმდნენ, თუმცა…
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტისთვის” ცნობილი გახდა ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ პოლ პოგბას ლონდონის “ჩელსიში” არშემდგარი ტრანსფერის დეტალები.
როგორც წყარო იუწყება, 24 აგვისტოს კლუბები 22 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. ინგლისელებს პოგბას სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, თუმცა თავად ფეხბურთელმა “სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლა არ ისურვა.
გამოცემის თანახმად, პოგბამ ეს გადაწყვეტილება აგენტ მინო რაიოლასთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ მიიღო. “ჩელსი” ფრანგ ნახევარმცველს მნიშვნელოვნად გაზრდილ ხელფასს შეპირდა, თუმცა ფეხბურთელმა ტურინში დარჩენა ამჯობინა. შეგახსენებთ, რომ იგი “იუვენტუსში” წელიწადში 4,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, პოლ პოგბას სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონ ევრომდე გაიზარდა.