ბორჯღალოსნები ფიჯისთან და კანადასთან ერთად ივარჯიშებენ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 3 საკონტროლო მატჩი გამართა მსოფლიოს თასისთვის მზადების პროცესში. განვლილი მატჩების შემდეგ „ბორჯღალოსნების“ თავკაცმა, მილტონ ჰეიგმა სერია შეაფასა და იმ მიზნებზე ისაუბრა, რომელთა მიღწევას ეს შეხვედრები ემსახურებოდა:
_ ეს იყო საკონტროლო, გუნდის მოსათელი და უკეთ შესათამაშებელი მატჩები, რომლებმაც გრძელვადიანი წრთობის შემდეგ მსოფლიო თასისთვის მზადებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. მორაგბეების სათამაშო გარემოში და წნეხის ქვეშ დაბრუნება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. მოლის, დერეფნისა და შერკინების დამუშავების უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა. ეს ყველაფერი ტონგასთან, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის, წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ თამაშებზე და არა უშუალოდ ტურნირზე მოვახდინეთ შეცდომების იდენტიფიცირება და ვიმუშავეთ მათ გამოსწორებაზე. ამით საქმე არ დასრულებულა. გუნდმა შესაძლოა ძალიან დიდხანს და კარგად ივარჯიშოს, საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშიც იყოს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკას თუ არ მიიღებს, მარტო ვარჯიშებით საჭირო შედეგს ვერ მივიღებთ. ეს ერთი მთლიანი პროცესის ნაწილია, რომელიც მიზნად მსოფლი თასზე ყველა კომპონენტში ოპტიმალურად მომზადებული გუნდის წარდგენა წარმოადგენს. გასულ 9 დღეში სამი მატჩით და შესაბამის გარემოში მუშაობით საჭირო გამოცდილება მივიღეთ. ნაკრებიდ გილდფორდში, სარის სპორტულ ცენტრში 13 სექტემბრამდე, მსოფლიო თასის ოფიციალური კამპანიის დაწყებამდე დარჩება და დარჩენილ დროს სამზადისის მესამე ფაზის დასრულებას დაუთმობს. ამ პერიოდში რუტინის გარდა, სხვა აქტივობებიც არის დაგეგმილი. 8 სექტემბერს სარიში „ბორჯღალოსნებს“ ფიჯელები, ხოლო 9-ში კანადელები ესტუმრებიან ერთობლივი ვარჯიშების გასამართად. ფიჯისთან ისევე, როგორც კანადასთან ჯგუფებად დავიყოფით. შესაბამისად მორკინალები და ხაზის მოთამაშეები ცალ-ცალკე ივარჯიშებენ. ფიჯელებთან მსგავსად ბოლოს შარშან ნოემბერში ტულუზაში ვივარჯიშეთ და მიგვაჩნია, რომ ეს ძალზე კარგად წაადგება ორივე გუნდს. თავის დროზე კანადელებმაც იგივე შემოგვთავაზეს და კარგი შესაძლებლობა გვექნება მოლები, შერკინება და დერეფნები დავხვეწოთ. მთელ დარჩენილ დროს, ისევე როგორც აქამდე, სრულად ვუთმობთ ტონგას წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადებას. მთელი ჩვენი კონცენტრაცია ამ შეხვედრისადმია მიმართული. სამწვრთნელო შტაბი ძალზე დიდი ხნის განმავლობაში ვწავლობთ, ვაანალიზებთ მეტოქის თამაშს და შესაბამისად ვემზადებით. დარჩენილ დროში ვიმუშავებთ იმის დახვეწაზე თუ რის შესრულებასაც ვეცდებით 19 სექტემბერს.