პოგბამ “ჩელსიში” გადასვლაზე უარი თქვა
გასულ ზაფხულს, შეიძლებოდა, ფრანგი ნახევარმცველი ინგლისის დედაქალაქში გადაბარგებულიყო.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობამ პოლ პოგბას სანაცვლოდ “იუვენტუსს” 85 მილიონი ევრო ოფიციალურად შესთავაზა. ტურინელები ამ წინადადებას დათანხმდნენ და ტრანსფერის განსახორციელებლად მზად იყვნენ.
მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ნახევარმცველმა იტალიის მოქმედ ჩემპიონთა შემადგენლობაში დარჩენა ამჯობინა და “არისტოკრატთა” წინადადება უარით გაისტუმრა. ლონდონელებმა ეს შეთავაზება 24 აგვისტოს გააკეთეს, მეორე დღეს კი პოგბამ თავის აგენტთან, მინო რაიოლასთან ერთად, კარიერის გაგრძელების ამგვარი ვარიანტი განიხილა და საბოლოოდ, ამ წინადადების ოფიციალურად უარყოფა გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსში” პოგბას ყოველწლიური ანაზღაურება 4.5 მილიონ ევროს შეადგენს, “ჩელსი” კი მას ბევრად უფრო დიდ თანხას სთავაზობდა.