საქართველომ ფიჯისთან ერთობლივი ვარჯიში გამართა
რაგბიში მსოფლიოს თასის დაწყებამდე „ბორჯღალოსნებს“ სარის სპორტულ ცენტრში ერთობლივი ვარჯიშის გასამართად სარაგბო სამყაროში „მფრინავ ფიჯელებად“ ცნობილი ფიჯის ეროვნული ნაკრები ესტუმრა. ორივე გუნდის მორკინალებმა და ხაზის მოთამაშეებმა ცალ-ცალკე ივარჯიშეს. მსგავსი ერთობლივი ვარჯიში ფიჯიმ და საქართველომ ბოლოს შარშანდელი ნოემბრის ტესტების მზადების პერიოდში ტულუზაში გამართეს.
მსგავსი ვარჯიშის გასამართად ბორჯღალოსნებს კანადელი „ნეკერჩხლები“ ესტუმრებიან.
მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
_ ფიჯისთან ისევე, როგორც კანადასთან ჯგუფებად დავიყოფით. შესაბამისად მორკინალები და ხაზის მოთამაშეები ცალ-ცალკე ივარჯიშებენ. ფიჯელებთან მსგავსად ბოლოს შარშან ნოემბერში ტულუზაში ვივარჯიშეთ და მიგვაჩნია, რომ ეს ძალზე კარგად წაადგება ორივე გუნდს. თავის დროზე კანადელებმაც იგივე შემოგვთავაზეს და კარგი შესაძლებლობა გვექნება მოლები, შერკინება და დერეფნები დავხვეწოთ.