საქართველომ მაკედონიას მუსრი გაავლო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მაკედონიასთან სასიცოცხლო მატჩი მოიგო და ახლა სლოვენიისა და საბეძნეთის იმედად დადგა. თუ მათ ჩვენი კონკურენტები დაამარცხეს, საქართველოს ნაკრები პლეი ოფში გავა.
მატჩის წინ მაკედონიელების 4-ზე მეტი ქულით დამარცხება იყო საჭირო, რათა ჰოლანდიასთან და მაკედონიასთან ურთიერთშეხვედრებში ბურთების საუკეთესო შეფარდება გაგვენაღდებინა. ეს ქართველებმა მოახერხეს.
მატჩი ქართველების უპირატესობით დაიწყო. მანუჩარ მარკოიშვილმა დებიუტში სამქულიანი ჩააგდო, ზაზა ფაჩულიამ კი ფარქვეშ ყოჩაღობდა და ქართველები 10:3 დაწინაურდნენ. ქართველების შედეგიანი თამაში მეორე შემადგენლობითაც გააგრძელეს და კოკოშკოვის გუნდი პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე 21:7 იგებდნენ.
კარგი თამაში მეოთხედის ბოლომდე ვერ გაგრძელდა. მაკედონიელებმა როგორც იქნა მონახეს ჩვენს დაცვაში სუსტი წერტილი და სოლიდური უპირატესობა თვალს და ხელს შუა გაქრა. ჩვენებმა ბურთიც ვერ ჩააგდეს და 21:18 მოიგეს პერიოდი.
მეორე პერიოდის დასაწყისში მაკედონიელებმა ქულამდე შეამცირეს სხვაობა და სწორად აქედან დაიწყო ქართველთა მორიგი აფეთქება. საერთოდ, ამ ჩემპიონატზე ჩვენებმა ყველაზე მატჩში მეორე ათწუთეული ყველაე სუსტად ჩაატარეს, ამჯერად კი პირიქით მოხდა. ქართველებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს მეორე მეოთხედის მე-5 წუთისთვის 40:25–ს იჯებდნენ.
თუმცა, ეს უპირატესობაც გავფლანგეთ და მაკედონიელებმა 3 ქულამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ ჩვენმა კალათბურთელებმა პირველი ტაიმის ბოლო წუთები კარგად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 48:37.
მესამე პერიოდის დასაწყისში თანაბარი თამაში წავიდა, მაგრამ ბოლოს ნაწილში ისევ ქართველებმა იყოჩაღეს და დასკვნით ათწუთეულს 16-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.
გადამწყვეტი მეოთხედში ჩვენებმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს, თამაშს კარგად აკონტროლებდნენ და საბოლოოდ 90:75 იმარჯვეს.