პოლიციამ “მანჩესტერისა” და “ლივერპულის” ფანები გააფრთხილა
ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი შაბათს, “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლივერპულს” მიიღებს.
სატელევიზიო უფლებების მქონე კომპანიის მოთხოვნით, შეხვედრა გვიან, კერძოდ – თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. ამის გათვალისწინებით სამართალდამცველები შიშობენ, რომ ორივე კლუბის ფანები დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს მიიღებენ და შესაძლოა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ჰქონდეს ადგილი.
“იმედს გამოვთქვამთ, რომ ორივე კლუბის გულშემატკივრები სათანადოდ მოიქცევიან და საბოლოო შედეგის მიუხედავად, მატჩით დატკბებიან”, – ნათქვამია სამართალდამცველი ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, პოლიციამ ფანები გააფრთხილა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება და პიროტექნიკის გამოყენება დაუშვებელია.