ზაზა ფაჩულია: საქართველოს ნაკრები ერთ მუშტად იქნება შეკრული
დღეს საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი თამაში ელის ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთში. საფრანგეთის ქალაქ ლილში ჩვენები მერვედფინალში ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 11 საათზე დაიწყება.
აქამდე საქართველოსა და ლიტვის ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვედრიან და სამივეჯერ ლიტველებმა იმარჯვეს.
პირველად ეს გუნდები ერთმანეთს კაუნასში შეხვდნენ. ეს 2013 წელს იყო. მაშინ ჩვენებმა გუნდის ლიდერის, ზაზა ფაჩულიას გარეშე მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და დამატებით დროში 83:88 დამარცხდნენ. იმ მატჩში ქართველთაგან საუკეთესოები ვიქტორ სანიკიძე (28 ქულა), გიორგი შერმადინი (21) და მანუჩარ მარკოიშვილი (18) იყვნენ.
მომდევნო ორი მატჩი გასულ წელს, ასევე ლიტვის ქალაქ პანევეჟისში გაიმართა. აქ უკვე მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო. პირველი მატჩი ბალტიისპირელებმა 82:51 მოიგეს, მეორე კი, 81:54.
ლიტვასთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა გუნდმა ლილის სპორტის სასახლეში ივარჯიშა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ნაკრებში ამაღლებული განწყობაა. ყველას გათავისებული აქვს, რომ ისტორიული შედეგის ღვარზე დგანან. გუნდში არაა ტრავმები.
ქართველების ვარჯიშის ბოლო 15 წუთს ქaრთველი, ლიტველი და სხვა უცხოელი ჟურნალისტები დაესწრნენ. ინტერესი დიდი იყო, რადგან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში მოთამაშე გუნდი ნეიტრალური ქვეყნის მედიასაშუალებებისთვისაც საინტერესოა.
საქართველომდე ლილის დარბაზში ლიტვის ნაკრებმა ივარჯიშა, რომლის დასრულების შემდეგ ბალტიისპირელთა მთავარმა მწვრთნელმა იონას კაზლაუსკასმა კომენტარი გააკეთა.
– ჩვენ ვეთამაშებით საქართველოს ძლიერ ნაკრებს, რომელსაც ჰყავს მსოფლიო დონის ვარსკვლავები – ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია და სხვები. რთული ბრძოლა გველის და თუ ჩვენს საუკეთესო თამაშს არ ვითამაშებთ, გამარჯვებამდე ვერ მივალთ, – განაცხადა კაზლაუსკასმა.
– ვეთამაშებით ლიტვას, ძალიან დიდი საკალათბურთო ტრადიციების ქვეყნის გუნდს, მაგრამ ეს სულაც არ გვაბრკოლებს. ეს პლეი ოფია და ყველაფერს 1 მატჩი წყვეტს. ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის და ძლიერ მეტოქეს არაფერს არ დავუთმობთ. თვენ მეკითხებით იონას ვალანჩუნასთან ჩემს დუელზე, მე კი გპასუხობთ, რომ საქართველოს ნაკრებში 12 კალათბურთელია და ჩვენ, როგორც გუნდი, ისე ვაპირებთ თამაშს და მეტოქის ლიდერების განეიტრალებას. საქართველოს ნაკრები ერთ მუშტად შეკრული იქნება და იმედი მაქვს, ერთიანობით საწადელს მივაღწევთ, – ეს სიტყვები კი საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ზაზა ფაჩულიას ეკუთვნის.