18 წლის მორაგბის ‘ახდენილი ოცნება’
მცირე ცვლილებებით ენრიუ ჰენდრის სტატიის მიხედვით RUGBYWORLDCUP.COM
ბრისთოლი, 15 სექტემბერი – ჭაბუკი ქართველი ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე შესაძლოა წლევანდელ ტურნირზე მსოფლიო თასის ‘ისტორიის წიგნში’ მოხვდეს. როგორც ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, ჯგუფურ ეტაპზე გარკვეული დოზით იგი ნამდვილად ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლობჟანიძე მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ შევა.
„მიუხედავად იმისა, რომ იგი სულ რაღაც 18 წლისაა, გადაწყვეტილებებს 25-26 წლის მოთამაშესავით იღებს“ განაცხადა ჰეიგმა. „წნეხის ქვეშ არაერთხელ სწრაფად მიუღია სწორი გადაწყვეტილება. ჯგუფურ ეტაპზე იგი ნამდვილად ითამაშებს, მაგრამ ახლა ვერ დაგიდასტურებთ პირველ მატჩში ტონგის თუ ბოლო მატჩში ნამიბიის წინააღმდეგ, რადგან ახლაც სელექციის პროცესში ვართ. მაგრამ როგორც ავღნიშნე იგი ნამდვილად ითამაშებს! ეს ეჭვგარეშეა.”
ახდენილი ოცნება – „მსოფლიო თასს, რომ თავი დავანებოთ, რამდენიმე წლის წინ იმასაც ვერ წარმოვიდგენდი ოდესმე ეროვნულ ნაკრებში თუ მოვხვდებოდი. ოცნება ამიხდა და ეს ენით აუღწერელი გრძნობაა.” განაცხადა ვასილ ლობჟანიძემ.
რაგბის ანა ბანა
რაგბის კლუბ არმაზის 18 წლის ჰავბექმა თამაში 11 წლის ასაკში ამავე კლუბში დაიწყო. არმაზში მისი მწვრთნელი, ბორჯღალოსნების ყოფილი კაპიტანი ირაკლი მაჩხანელია,რომელმაც სანაკრებო კარიერა შარშან დაასრულა და ახლა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრია. ვასილ ლობჟანიძემ საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და 20-წლამდელების რიგებში ‘მსოფლიო რაგბის’ 2015 წლის ალაფის გამარჯვებული გახდა. ეროვნული ნაკრების რიგებში მისი დებიუტი წელს, გერმანიის წინააღმდეგ შედგა და ბორჯღალოსანთა კვართით რუმინეთში მუხების დამარცხებით მის სარაგბო კარიერაში პირველად ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონის ტიტულსა და ‘ანთიმოზ ივერიელის’ თასს დაეუფლა.
საუკეთესოთაგან სწავლობს
ბორჯღალოსნები საერთო სანაკრებო კეპების ოდინებით მეექვსე ყველაზე გამოცდილი ნაკრებია 2015 წლის მსოფლიო თასზე. შესაბამისად ლობჟანიძეს უდიდესი გამოცდილების მქონე თანაგუნდელებთან ერთად მოუწევს თამაში.
„ვინმე კონკრეტულისგან კი არა, არამედ ყველასგან ძალიან ბევრს ვწავლობ, ვინაიდან გუნდის ყველა მოთამაშეს ჩემთან შედარებით ვეებერთელა გამოცდილება აქვს. ამ მხრივ გამიმართლა.”
მაგრამ როდესაც ვკითხეთ თუ რა იყო მისი განსაკუთრებული თვისება, რითაც გუნდში გამოირჩევა, ლობჟანიძემ არაფერი თქვა და ლოყები მორიდებისგან გაუვარდიფრდა კიდეც, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქართველი მორაგბეების თავმდაბალ ხასიათს, რომლებსაც ერიდებათ საკუთარ ნიჭზე და კარგ სარაგბო უნარებზე საუბარი. თუმცა კითხვას თავი, რომ აარიდა მერე დააყოლა, რომ თავს განსაკუთრებულად კომფორტულად შეტევაში გრძნობს, როგორც ყველა 9 ნომერს ჩვევია.
Rugby.GE