რომპეტროლი და ძალოსნობა დამეგობრდნენ
კომპანია „რომპეტროლი” საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერი გახდა. მხარეებს შორის 2 წლიან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოეწერა.
ორმხრივ მემორანდუმს ხელი „რომპეტროლის” გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინ პოპუშოიმ და ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა – კახი კახიაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ბრიფინგი გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლების კითხვებს ხელმომწერ მხარეებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა – ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ბოქოლიშვილმა უპასუხეს.
„რომპეტროლი” ყოველთვის ცდილობს მხარში დაუდგეს ქართული სპორტის განვითარებას. კომპანიის პლატფორმა ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას, რაც წლების განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობის მხარდაჭერაში გამოიხატება. ამიერიდან კი ამ სახეობების რიცხვს ძალოსნობა მიემატა. ფედერაციაში აცხადებენ, რომ სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
„რომპეტროლი” 10-12 სექტემბერს თბილისში გამართული ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატის სპონსორი იყო. ჩემპიონატი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 80-მა სპორტსმენმა მიიღო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ფედერაცია აქტიურად ემზადება ჰიუსტონში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატისთვის და რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მაქსიმალურად ბევრი ლიცენზიის აღებას გეგმავს.