მოურინიო შესაძლოა, სექსიზმის გამოვლინებისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შესაძლოა, სექსიზმის გამოვლინებისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯონ.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის I ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “სუონსი სიტის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიწურულს მოურინიო კლუბის ფიზიოთერაპევტ ევა კარნეიროს გაუჯავრდა. პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ შეხვედრის ბოლო წუთებში მედიკოსები მსაჯის ნებართვის შემდეგ ედენ აზარის დასახმარებლად მოედანზე გავიდნენ, რის გამოც ბელგიელ ფეხბურთელს დროებით მინდვრის დატოვება მოუხდა. მოურინიო დარწმუნებული იყო, რომ აზარი მოედანზე არა დაზიანების, არამედ დაღლილობის გამო იწვა. ტიბო კურტუას გაძევების გამო “ჩელსი” ათი კაცით თამაშობდა და აზარის მოედნიდან გასვლის შემდეგ ლონდონელები მინდორზე ცხრანი დარჩნენ. მოგვიანებით კარნეიროსა და კლუბის კიდევ ერთ მედიკოს ჯონ ფირნს “ჩელსის” მატჩებსა და ვარჯიშებზე საქმიანობის განხორციელება შეუჩერეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში ანონიმური წერილი შევიდა, რომელშიც მოურინიოს სექსიზმში ადანაშაულებენ. თუ პორტუგალიელ მწვრთნელს დამნაშავედ სცნობენ, მას შესაძლოა, ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ.
დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ ევა კარნეირო და ჯონ ფირნი მიმდინარე კვირის განმავლობაში კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და მათ “ჩელსის” მატჩებზე საკუთარი ფუნქციების შესრულება უკვე შეეძლებათ.